არაფერი შეგვიძენია და რატომ მოვიდა ამდენი ქულა ვერ გავიგეთ - ოჯახი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს

15:03 11-02-2019
179

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მცხოვრებ ჭაფანძეების ოთხსულიან ოჯახს, გასული წლის მაისში, სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური დახმარება მოუხსნა.

ოჯახმა ერთი წლის შემდეგ, განმეორებით შემოწმების მიზნით, სააგენტოს განცხადებით მიმართა, თუმცა მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა, ოჯახს კიდევ უფრო მაღალი სარეიტინგო ქულა მიანიჭეს.

„სოციალური დახმარება გვქონდა, როდესაც სარეიტინგო ქულა 37 000 იყო. შემდეგ მოვიდა , კომისია და 75 000 ქულა მოგვივიდა. არაფერი შეგვიძენია და რატომ მოვიდა ამდენი ქულა ვერ გავიგეთ, თქვენ თავადაც ნახეთ, რა მდგომარეობაა. 45 კვადრატში ვცხოვრობთ 4 სული. 4 ოთახიდან 2 საცხოვრებლად უვარგისია, “ – ამბობს ოჯახის დიასახლისი ლაურა ჭაფანძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის ნატალია ქირიას განცხადებით, ოჯახი გეგმიური 4-წლიანი შემოწმების მიზნით 2017 წელს შემოწმდა.

როგორც სოციალური სააგენტოს ცენტრის უფროსის მოადგილე ამბობს, გეგმიური შემოწმების შემდეგ ოჯახს შესაბამისი სარეიტინგო ქულა მიენიჭა. თუმცა მას, იმ კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი უჭირს, თუ რის საფუძველზეც მოეხსნათ ჭაფანძეების ოჯახს სოციალური დახმარება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახს დემოგრაფიული ზრდის საფუძველზე, განმეორებითი გადამოწმების მოთხოვნის სრული უფლება აქვს.

„დეკლარაციის შევსებიდან და სარეიტინგო ქულის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში, ოჯახს ისევ შეუძლია მომართოს სააგენტოს, თუმცა მათი შვილი მსახურობს ჯარში. დემოგრაფიული ცვლილების საფუძველზე მათ შეუძლიათ განმეორებით მოითხოვონ შემოწმება, შესაბამისად მათ კიდევ ერთი შანსი მიეცემათ, რომ სოციალური დახმარება მიიღონ,“ – განაცხადა ნატალია ქირიამ.

ჭაფანძეების ოთხსულიანი ოჯახი, სოციალურ დახმარებას მიიღებს თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს სოციალური აგენტი მათ საცხოვრებელ მდგომარეობას.

 

ავტორი: თეა შონია