პეტრე ცაავას მხარდამჭერები პატრიარქის მოღვაწეობის გადახედვას ითხოვენ

14:09 11-01-2019
106

პეტრე ცაავას მხარდამჭერები პატრიარქის მოღვაწეობის გადახედვას ითხოვენ. ჭყონდიდის ეპარქიაში ამის შესახებ განცხადებები კეთდება.

მამა ანდრია სარიას თქმით, მეუფისგან დაევალათ ისეთი მასალების შესწავლა, რომლებიც ტაბუდადებული იყო საზოგადოებისთვის.

„ჩვენ დაგვევალა განკვეთილი მღვდლების ბიოგრაფიების შესწავლა. ბიოგრაფიები იქნება გამოძიებული. ის საკითხები, რომლებიც საზოგადოებისთვის ტაბუდადებული იყო განხილული უნდა იქნეს არათუ ერთპიროვნულად, საპატრიარქოსა და სინოდის თავმჯდომარის მიერ, არამედ კრებითად. თუ ეს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო, უნდა დასაბუთდეს“,- განაცხადა ანდრია სარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა იმედი, რომ პეტრეს სტატუსს აღუდგენენ, მამა ანდრიამ უპასუხა: 

„მოლოდინი ყველაფრის გვაქვს, ჩვენ ისიც არ ვიცოდით, რო დღეს ამ მდგომარეობაში ვიქნებოდით. უკეთესს ველოდით, ვიმედოვნებით, რომ პროცესების გაჯანსაღება დაიწყებოდა. ვინც არ უნდა აკეთოს მთავრობის მხრიდან კომენტარები, ჩვენ ვიცით, რომ გვჭირდება პასუხები. 1977 წლიდან დღემდე რა წერტილებიც არსებობდა და დაისვა ეს საკითხი, გვსურს, რომ უფრო მეტი სინათლე შევიტანოთ მასში“,- აღნიშნა მამა ანდრიამ.