Exclusive: პეკინზე სამი წლის ბავშვის დაჭრის ფაქტზე გამოძიება შეწყდა

12:45 11-01-2019
781

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ინფორმაცია გენერლაური პროკურატურაში დაგვიდასტურეს.

გამოძიების შეწყვეტის მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა გახდა, რომელმაც საძაგლიშვილი სრულად შეურაცხადად სცნო.

ფსიქიატრიული ექსპერტიზა რამდენიმე დღის წინ დასრულდა, რის საფუძველზეც სასამართლომ საქმის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლის განჩინებით, თამარ საძაგლიშვილს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 3-წლიანი იძულებითი მკურნალობა დაენიშნა. ის ამ დროისთვის ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, შემთხვევა პეკინის ქუჩაზე 28 აგვისტოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მდიოდა, როცა მასთან გამვლელი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

თამარ საძაგლიშვილს საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავებოდა. საძაგლიშვილს სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

თამარ საძაგლიშვილის დედის, მანანა ჩხიკვაძის განცხადებით კი, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობდა კიდეც. „იღებდა მედიკამენტებს, მკურნალობდა და ფსიქიატრიულში იწვა“.