სად იმყოფება პატრიარქი - მამა ილია მერაბიშვილი მის რეზიდენციას აზუსტებს

21:30 10-28-2019
2126

მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების შემდეგ, საპატრიარქოში ამბობენ, რომ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ჯერ მცხეთაში, სვეტიცხოვლის, შემდეგ  კი, ბობოყვათის რეზიდენციაში იმყოფებოდა.

თუმცა, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ საპატრიარქოდან სანდო წყარომ განუცხადა, რომ პატრიარქი ისევ მცხეთაშია.  ჟურნალისტი სამთავროსა და სვეტიცხოვლის რეზიდენციებში კათალიკოს-პატრიარქს ეძებდა, თუმცა სასულიერო პირები აცხადებენ, რომ სამების საკათედრო ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ილია (მერაბიშვილი) სოციალურ ქსელში სხვა რეზიდენციაზე მიანიშნებდა.  

„პრაიმტაიმი“  მამა ილიას (მერაბიშვილი)  კომენტარით დაინტერესდა და მას დაუკავშირდა. როგორც სასულიერო  პირმა განმარტა, ჟურნალისტები მცხეთაში პატრიარქს მხოლოდ ორ რეზიდენციაში ეძებდნენ, თუმცა ამბობს, რომ არსებობს მესამე რეზიდენციაც, რომელსაც უწმინდესი სტუმრობს ხოლმე.

„კომენტარში ვიგულისხმე ის, რომ ჟურნალისტი სამთავროსა და სვეტიცხოვლის რეზიდენციებს სტუმრობდა და ამბობდა, რომ პატრიარქი იქ არ იმყოფება. თუმცა, მცხეთაში არსებობს ჯვრის მონასტრის რეზიდენციაც. ამით, რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ უწმინდესი იქ იმყოფება, მართლა არ ვიცი მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი.

რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, რაც დასანგრევია უნდა დაინგრეს. დრო თავის ადგილზე ყველაფერს დაალაგებს. გამოჩნდება, ვინ არის ეკლესიის ერთგული და ვინ მტერი. ახლა, ამის ფილტრაცია ხდება და ასეთი პროცესები ყოველთვის ხდებოდა. მეუფის გამოსვლაში, რომ მეუფის ნათქვამ ჟარგონებზე აქცენტი კეთდება, ადამიანები ვართ და მან ბოდიში მოიხადა. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის მისი მობოდიშება საკმარისია. რაც შეეხება შინაარსს, რჯულის კანონის მიხედვით, წმინდა სინოდმა უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და თუ რაიმე ისეთი გამოიკვეთა, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა ჩაერთოს საგამოძიებო  უწყება“ - ამბობს მამა ილია.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს, თქვა, რომ „ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.