ხობელი ფერმერი ძმები 80 ტონა გოგრის მოსავალს ელოდებიან

13:04 10-12-2019
727

ძმებს როზმან და ტარიელ ბერიძეებს, თითქმის 15 წელია ხობის მუნიციპალიტეტ სოფელი თორსაში, უბან ოქროს საწმისის დასახლებაში, სხვადასხვა ბაღჩეული კულტურა მოჰყავთ. მათ უკვე მეორე წელია 4 ჰექტარ ფართობზე გოგრა მოიწიეს და ექსპერიმენტმაც გაამართლა.

„მანამდე საზამთრო და ნესვი მოგვყავდა, მაგრამ იმდენად ათვისებულია ეს ბაზარი, რომ გოგრის მოყვანამ გაგვიმართლა. როგორც ცნობილია გოგრა სასარგებლო პროდუქტია და ზუგდიდის, ქუთაისის და გურიის ბაზარს მთლიანად ფარავს“,-ამბობს ერთ-ერთი ძმა როზმან ბერიძე.

მისივე ინფორმაციით, მოყვანილი პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა. ოქროს საწმისის დასახლებაში სოფლის გამგებლის ედემ ლატარიას თქმით, სულ 27 კომლი ცხოვრობს.

„აქ ცხოვრობენ ასევე აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები, მოგეხსენებათ კოლხეთის დაბლობია ეს ადგილი, კარგი ტენიანობაა და ამდენად აქ ბაღჩეული კულტურა კარგად მოდის. ძმებმა წელს საკმაოდ კარგი მოსავალი მოიყვანეს ჰექტარზე 20 ტონა. საკმაოდ გავრცელებული ჯიშია ეს გოგრა სამეგრელოში თეთრულა და ხოკერა“,-გვიყვება გამგებელი.

მოსავალს ძმები, ძირითადად, ზუგდიდის ბაზარში ყიდიან. ერთი კილოგრამის ფასი 1,5-დან 2 ლარამდე მერყეობს. ამბობენ, რომ მისი რეალიზაცია არ უჭირთ და მოსავალი გასაყიდად ყოველ მეორე დღე გააქვთ.

ავტორი: თეა შონია