Exclusive ცნობილი მეყველე ანა რომანს წერს

16:26 10-10-2019
165

მე ვარ მეყველე ანა - ასე აცნობს თავს საზოგადოებას ძალზედ საინტერესო ქალბატონი, რომელიც უკვე წლებია ყველის ფესტივალებში და ამ საუცხოო პროდუქტის მასშტაბურ დეგუსტაციებში მონაწილეობს. აწარმოებს მრავალი სახეობის ყველს და მასზე დამოკიდებულ ადამიანებს დიდ სიურპრიზებს უწყობს. საყვარელ საქმეს შვილებთან ერთად აკეთებს და „ანა და შვილები“ - ამ სახელწოდების ბრენდად ქვეულ წარმოებას უდგას სათავეში. მკვლევარი ანა წნეხილი ყველის სერიის, გურთების ავტორია, რომელსაც ნადუღის ბაზაზე ამზადებს. საყვარელი საქმის ვნებამ სოფლად ცხოვრება გადააწყვეტინა. 

ჰოდა, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე დღეს იუბილარია. 58 წლის გახდა და ხატვა დაიწყო. როგორც ამბობს, ფერწერით გატაცებამ წნევა დაურეგულირა. „უსაშველოდ ბედნიერი, მხნე და მხიარული ვარ. ხატვა ყოფილა ღვთისგან ნაბოძარი მადლი. მხატვრებს, ეტყობა, ღმერთი ჩუქნის ამ განსაკუთრებულ საჩუქარს. წნევის მარეგულირებელი მედიკამენტი არ მშველოდა. რაც ხატვა დავიწყე, ბავშვის წნევა მაქვს“ – „პრაიმტაიმს“ გამოცდილებას უზიარებს იუბილარი. 

მეყველე ანა საოცრად პოეტურიც გახლავთ. წერს და ამაშიც თვითმყოფადია. 

- ფერწერით გატაცებამ პოეტი ანა ჩააჩოჩა?

- არ ჩააჩოჩა. მე ვწერ რომანს რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. პირველი ევროპელი მეყველეს - კუჩენბახის საქართველოში ჩამოსვლაზე. ეს არის გერმანული წარმოშობის შვეიცარიელი. მან საქართველოში ჩამოიყვანა მეყველეები და ეს დოკუმენტური მასალა დავამუშავე, თუმცა მთლიანად მხატვრულ მანერას მოვარგე. საინეტერესო რომანი გამომდის და ერქმევა „ამეტერები“. ეს არის ცოლ-ქმარი მეყველეების გვარი, რომელიც კუჩენბახმა ჩამოიყვანა. მერე ჩამოყვანილ მეყველეებთან ჩხუბი მოუვიდა, დაიშალნენ. ილია ჭავჭავაძეს ესესხა ფული, ილიამ არ  ასესხა და მოკლედ, ასეთ საინტერესო ვნებებზე დაყრდნობით ვქმნი რომანს ყველზე. 

- ფეისბუქზე ხშირად წერთ - თავს მებადურის ცოლის პერსონაჟად წარმოიდგენთ. ბოლო დროს არ შემხვედრია ეს პერსონაჟი და გააგდეთ?

- არა! ჩემი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. ადრე მეღვინის ცოლის ხასიათი მომწონდა, მაგრამ მებადურის ცოლმა ძალიან მომხიბლა და ვემეგობრები. ზღვაში წასული მისი ქმარი, შეიძლება, არ დაბრუნდეს და მას ეს შიში აქვს, რაც სიყვარულს უძლიერებს. 

- და რეალურ ცხოვრებაში?

- მშვენიერი ქმარი მყავს, უბრალოდ სოფელში არ წამომყვა. მე ამოჩემება ვიცი. ახლა სიზმარში ერთი და იგივე, არ არსებული იდეალური ადამიანი მესიზმრება. მას პატარა ნოველა მივუძღვენი. 

- სასწორის რა თვისება გაქვთ?

- ცნობილია, რომ სასწორი გადარეული რომანტიკოსია. შეყვარებული თუ არ არის, ამ სიყვარულს იგონებს. სულ უნდა რომ შეყვარებული იყოს. მე იმდენი გატაცება მაქვს, რომ ადამიანის სიყვარულისთვის - რომანტიკული განცდებისთვის დრო არ მრჩება. არ არსებობს სასწორმა ვინმეს არ გაუგოს. ყველას უგებს, ფანტასტიკური მსმენელია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულნი არაჩვეულებრივი ფსიქოლოგები და მოძღვრები არიან. სხვის გაჭირვებას მოისმენს და ურჩევს.

- ყველის მზადების მაგიაში უმთავრესი რა არის - განწყობა, სიყვარული, გემოვნება...?

- ისეთ კითხვებს მისვამთ, რაზედაც რატომღაც დღეს დავიწყე ფიქრი... რატომ გამომდის მე ყველი? ამ წუთას ნატურმორტს ვხატავ, ყველის თემით. სამი ნატურმორტი დავხატე დილიდან. რას მივხვდი, იცით? ვერავინ დახატავს იმ ყველს, რომელიც მე მინდა! ყველის კეთება როგორც მიყვარს, ზუსტად ასევე ვუდგები ნახატებს - ყველი, ღვინო, ყურძენი... სხვა, ვისთვისაც ყველი მხოლოდ პროდუქტია, ისე ვერ დახატავს, როგორც - მე. არ არსებობს ყველი არ გიყვარდეს. მასზე დამოკიდებული ხდები. მასში ხომ ენდორფინები, მორფინები შედის. მე ხომ ამის გამო ხუმრობით „ნარკობარონსაც“ მეძახიან. 

- როგორც მეყველეს, გაგიმართლათ საქართველოში რომ დაიბადეთ?

- პროექტი მაქვს ჩაფიქრებული. ჰოლანდიის საელჩოსთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ და ვნახოთ, რა გამოვა. რვა წლიანი პროექტით საყველიე ქვეყნების შემოვლას ვგეგმავ. ისე არ ვაპირებ ამ ქვეყნიან წასვლას, რომ ქართული ყველი არ შევადარო მაგალითად - ჰოლანდიურს, იტალიურს, ფრანგულს... სიღრმეებში არის მსგავსება ჩვენს ყველებსა და უცხოურ ყველებს შორის. მინდა შემოვიარო შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი და ჰოლანდია და ოთხი წიგნი გავაკეთო. და მისიაც შესრულებული მექნება. 

- სოფელი რითია საინტერესო?

- სოფლად შენ თავს ეკუთვნი თავიდან ბოლომდე. აქ არავინ გეუბნება, ნუ ხმაურობ, ჩაუწიე რადიოს, ან წყალი ჩამოვიდაო. მხოლოდ ბუნებაა მბრძნაბელი (ამინდი), დანარჩენი შენ თავს ეკუთვნი. თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალია სოფელში.  ქალაქში ბევრ რამეზე ხარ დამოკიდებული. 

- საკუთარ თავს „მეყველე ანას“ უწოდებთ. ვინ არის სინამდვილეში მეყველე ანა?

- მეყველე ცუდად ესმოდათ და ჩემი კოლეგა მეურნეები წინააღმდეგობას მიწევდნენ. მევენახე და მეღვინე თუ არსებობს და არ ეთაკილებათ, რატომ არ უნდა არსებობდეს მეყველე? ხელობის აღმნიშვნელია, როგორ შეიძლება არ არსებობდეს ეს სიტყვა? ჩემი წყალობით უკვე აღარ ეთაკილებათ. მე ვარ მეყველე ანა, მორჩა -შეეჩვივნენ! ახლა უკვე ყველის ფესტივალსაც წლიდან წლამდე ელოდებიან! წელს ყველის ფესტივალი გურჯაანში 26 ოქტომბერს ტარდება. საინტერესო პერფომანსები გვექნება. მე თვითონ მოვხარშავ ყველს სტუმრების თვალწინ. 

- ყველის საყვარელი სახეობა გაგვიმხილეთ.

- მეგრული გუდის ყველი, რომელსაც არ იცნობს ხალხი, ტენილი და ევროპულიდან - კონტენტა პიკორინო. 

- გიყვართ ოქტომბერი?

- მიყვარს. ღონისძიებებით და ფესტივალებით დატვირთული თვეა. რთველის თვეა. კარგ თვეს ვარ დაბადებული.

- მადლობა, ანა. გილოცავთ.

- მადლობა, სიურპრიზი იყო ჩემთვის დაბადების დღეზე ეს ინტერვიუ. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე