ის ხომ ყანჩელი იყო - ვაიდა, არ მოწონებოდა - რა მზადდება 18 ოქტომბერს

20:27 10-09-2019

მაესტრო გია ყანჩელის გარდაცვალებიდან ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა გასული და მუსიკოსები უკვე მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტებს გეგმავენ. 18 ოქტომბერს დიდ საკონცერტო დარბაზში მსმენელი კიდევ ერთხელ მოისმენს 2015 წლის კონცერტს - „ჩვენი ყანჩელი“. ამის შესახებ პროექტის პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში წერს.

თეონა ჯორბენაძე: - გია ყანჩელის შემოქმედებიდან ალბათ, ყველას თავისი საყვარელი მელოდია, სიმღერა და ნაწარმოები აქვს. ჩვენ კი დაგვრჩა 2015-ში, მისი 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი „ჩვენი ყანჩელი“ და გადავწყვიტეთ, რომ 18 ოქტომბერს შევასრულოთ. ამ პროექტის მზადებისას შევეცადეთ ერთ საღამოდ აგვეკინძა მისი მრავალმხრივი სათქმელები კინოსა და თეატრის, საგუნდო მუსიკის, ოპრისა თუ სიმფონიური ნაწარმოებების ენაზე. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ თავად არ იცოდა რას ვამზადებდით, შევთანხმდით, რომ მისთვის სიურპრიზი უნდა ყოფილიყო და მართლაც არ დასწრებია არც ერთ რეპეტიციას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ღელავდა, ბოლომდე შეასრულა პირობა.
ჩვენ კი რა ფეთება გვექნებოდა კონცერტამდე ხომ წარმოგიდგენიათ, ის ხომ ყანჩელი იყო, ვაი და არ მოწონებოდა!
ამ დღეებში აღმოვაჩინე ვიდეო, რომელიც ამ ამბებს ასახავს და 18-ში კონცერტამდე გავუშვებთ.

PS. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან ემოციურია „ჩვენ ყანჩელთან“ შეხება, სცენაზეც და კულისაშიც ყველას გაგვიჭირდება, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ 18 ოქტომბერს ორი საათი გავატაროთ მის ფიქრებთან, სევდასთან და იუმორთან ერთად. მეორე განყოფილება უცვლელია, შესრულდება Styx და სოლიტი გიორგი ცაგარელი იქნება. ამ ნაწარმოებებს თავის მეგობრებს უძღვნიდა და მთელ მსოფლიოში სხვადასხვა გუნდებს ქართულ ენაზე ქართული ტაძრებისა და მისი ძვირფასი ადამიანების სახელებს ამღერებდა. 

ავტორი: თამარ გონგაძე