რა ეტაპზეა აფგან მუხტარლის საქმის გამოძიება - გენპროკურორის პასუხი

13:28 10-09-2019

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი რომან გოცირიძე საპარლამენტო მოსმენაზე დაინტერესდა რა ეტაპზეა აფგან მუხტარლის საქმის გამოძიება, რომელიც უკვე სამ წელზე მეტია ჭიანურდება.

შესაბამისი კითხვით გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს მიმართა.

„ეს არის ურთულესი საქმე. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. რა დროც დასჭირდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- აღნიშნა თადუმაძემ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.

მუხტარლის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მუხტარლის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო.

საქმეზე გამოძიება საქართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს.