პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ - შალვა თადუმაძე

11:47 10-09-2019
2

„პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ“,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

დეპუტატის შეკითხვაზე, რამ მიგაღებინათ გადაწყვეტილება, რომ გსურთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა, თადუმაძემ განმარტა:

„ყველა იურისტისთვის მოსამართლის სტატუსი ყველაზე აღმატებულია, რაც შეიძლება იურისტს ჰქონდეს. როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი, ბუნებრივია, მქონდა ფიქრი, რომ პარლამენტმა მომცა შესაძლებლობა ვიყო საქართველოს გენერალური პროკურორი განსაზღვრული ვადით. ჩემი საქმიანობა ყოველთვის მართლმსაჯულების სფეროსთან იყო დაკავშირებული და შესაძლოა, მსგავსი შესაძლებლობა აღარასდროს მომცემოდა. შემეძლო, პირადი განცხადებით დამეტოვებინა თანამდებობა და შემდეგ მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს დიდ უპატივცემულობად ჩავთვალე პარლამენტის წინაშე - პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო მენდობა, აბსოლუტურად ღიად ვარ წარმოდგენილი პარლამენტში და პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ“. - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

შალვა თადუმაძის მოსმენა პარლამენტში 10:00 საათზე დაიწყო. მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტთან ჟურნალისტები დახვდნენ და დიპლომის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე განმარტება მოსთხოვეს.

თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტში უპასუხებდა კითხვებს და დიპლომთან დაკავშირებული საკითხიც განმარტა.

მანამდე თინა ბოკუჩავამ პარლამენტში დოკუმენტი მიიტანა და ამტკიცებდა, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, რომელ სახინკლეში დადიოდა თადუმაძე სტუდენტობის დროს.

სხდომაზე დასწრებას ითხოვდა მალხაზ მაჩალიკაშვილი. ის ამტკიცებდა, რომ უნდოდა თადუმაძისთვის თვალებში ჩაეხედა და ეკითხა, „რატომ ატყუებს ხალხს“.

მაჩალიკაშვილი შენობაში თინა ბოკუჩავამ შეიყვანა, თუმცა პროტესტის ნიშნად 15 წუთში პარლამენტის შენობა დატოვა.