თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტირებულ აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის ელჩებს შეხვდა

21:38 10-02-2019
21

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკების სრულუფლებიან და საგანგებო ელჩებთან შეხვედრა გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე. 

ასევე, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე და სამმხრივ ფორმატში - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა.

თურქულ მხარესთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ნატოში ინტეგრაციის გზაზე თურქეთს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე და ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. საუბარი რეგიონში უსაფრთხოებას და ერთობლივ სამხედრო წვრთნებს შეეხო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თურქული მხარის ჩართულობაზე და სამხედრო განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი და თურქი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზეც გამახვილდა.