სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკრაინაში სააბორდაჟო პროცედურების სპეციალური ტრენინგი ჩაატარეს

16:05 09-17-2019
89

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკრაინაში, ქალაქ იზმაილში, უკრაინელი კოლეგებისთვის სააბორდაჟო პროცედურების სპეციალური ტრენინგი ჩაატარეს.

სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ქართველმა ინსტრუქტორებმა ტრენინგზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: გემების შემოწმების ორგანიზების მეთოდები, საერთაშორისო სამართალი, შეჩერება-დაკავების პროცედურები, მაღალი რისკის შემცველი სამძებრო ოპერაციები, პროფესიული კომუნიკაცია და თავდაცვითი ტაქტიკა.

სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სანაპირო დაცვის თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, საზღვაო სივრცის დაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

სწავლება უკრაინული მხარის თხოვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული დანაყოფებისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის 2019-2020 წლების თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩატარდა.