ყველა გამარჯვებას ჩემი ძმის ხსოვნას ვუძღვნი - მსოფლიო ჩემპიონი

15:27 09-17-2019
793

მსოფლიო ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია ხობის რაიონ სოფელ ნოჯიხევში ცხოვრობს. ახალგაზრდა სპორტსმენი საკუთარ გეგმებზე „პრაიმტაიმს“ ესაუბრა. 

ნუგზარ წურწუმია: „ბავშვობაში მინდოდა ფეხბურთელი გამოვსულვიყავი. თუმცა, ნათლიამ მირჩია რომ ჭიდაობაზე შევსულიყავი. ჩემი მწვრთნელები იყვნენ ხობში: მამუკა ყორშია, ბაკურ ბუკია და სურაჯი გვასალია. სწორედ, მათი დამსახურებაა ჩემი წარმატება. თბილისში სხვა მწვრთნელი მყავს - რევაზ ლაშხი. ჩემი მწვრთნელების დამსახურებაა, რომ წარმატებასაც მივაღწიე, ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. 12 წელია მსგავსი რეკორდი ამ კატეგორიაში არავის დაუმყარებია“. 

მოჭიდავეს თქმით, ყველა შეჯიბრებაზე მამა იოანე დაჰყვებათ და მისი ლოცვა აძლიერებთ.

„ჩემს ყველა გამარჯვებას ჩემს გარდაცვლილ ძმას, ნუკრის ხსოვნას ვუძღვნი და ეს შეჯიბრის წინ ძალას მმატებს. მინდა მსოფლიო ჩემპიონის ქამარი ჩემი ძმის ნუკრის საფლავზე ავიტანო - ეს იყო ჩემი ოცნება, რაც ავიხდინე. ჩემი გამარჯვების შემდეგ პირველი ჩემს ოჯახს დავურეკე, დედას მთვარისა ჭაჭიას, ოჯახი მხარში მიდგას და მამხნევებს“,- გვიყვება სპორტსმენი ასტანადან.

მსოფლიო ჩემპიონის თქმით, მის სამომავლო გეგმებში შედის უნგრეთში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება, სადაც ასევე გამარჯვების იმედი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფალავანმა ერთ წუთში დიდი უპირატესობით, ანგარიშით 9-0 დაამარცხა ყაზახი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. 

საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონიის წარმომადგენლის დამარცხებით გავიდა.

მანამდე კი საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა ჩინელ და რუს სპორტსმენებს სძლია.

ავტორი: თეა შონია