ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

09:41 09-17-2019
12

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ვიზიტი აზერბაიჯანში 17-18 სექტემბერს გაიმართბა.​

​საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების​ სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარება და საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის დღის წესრიგის მომზადება.

​საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები დავით თვალაბეიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

​საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევს შეხვდება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრები „აზერბაიჯანის რკინიგზისა“ და „სოკარის“ ხელმძღვანელ პირებთან.