„თავს მოვიკლავ, თუ ჩემს შვილებს დამაცილებენ“ - მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

23:25 07-11-2019

3 თვის იყო, როცა მამა გარდაეცვალა და დედამ მიატოვა. სოფიკო ბავშვთა სახლში გაიზარდა. ახლა ის 25 წლისაა და სამი გოგონას მარტოხელა დედაა. სოფიკოს შვილები იგივე საფრთხის წინაშე დგანან - შესაძლოა, ისინიც მოწყდნენ მშობელს და ცხოვრება სხვებთან მოუწიოთ. ამაზე დედა ამბობს, რომ თავს მოიკლავს თუ ბავშვებს სოციალური მომსახურების სააგენტო დააცილებს და მათ სხვა გაზრდის...  

„პრაიმტაიმს“ სოფიკომ დახმარებისთვის მომართა. სურს თავისი ისტორია და გასაჭირი საზოგადოებამდე მიიტანოს. კონკრეტულად არაფერს ითხოვს, თუმცა მაინც დახმარების იმედი აქვს. 

სოფიკო 18 წლის ასაკში თავისზე 15 წლით უფროსმა მამაკაცმა მოიტაცა. არასასურველ ქორწინებას გოგონა არ თანხმდებოდა. მამაკაცმა ის გააუპატიურა და სოფომაც დაყარა ფარ-ხმალი, დარჩა მამაკაცთან და ცოლის სტატუსი მოირგო. დაქირავებული ბინიდან წყვილი მეპატრონემ ქირის გადაუხდელობის გამო გამოუშვა, მერე მიტოვებულ, ნახევრად დანგრეულ შენობაში შესახლდნენ და გოგონა შეეძინათ. 

სოფიკო ამბობს, რომ მეუღლე ფიზიკურად ხშირად უსწოდებოდა და ემუქრებოდა, რომ თუ ვინმესთან იტყოდა ძალადობის შესახებ, მისთვის საყვარელ ადამიანებს დახოცავდა. სოფო სხვების უსაფრთხოებას უფრთხილებოდა და ამიტომ დუმილით აგრძელებდა ცხოვრებას მოძლადის გვერდით. გოგონა 2 წლის ჰყავდათ, როცა ჯართის მოპარვისათვის მისი ქმარი დააპატიმრეს. სოფიკო და მისი შვილი პოლიციამ დედათა და ბავშვთა ერთ-ერთ თავშესაფარში გადაიყვანა. 

მალევე მეგობართან მომავალი მეუღლე გაიცნო. სოფიკოს მეორე გოგონა 2016 წელს გაუჩნდა, მესამე - მომდევნო წელს. ერთ დღესაც მეუღლე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუჩინარდა. მას შემდეგ არც ბავშვების ბედი მოუკითხავს და არც სოფიკოს დაუწყია მისი ძებნა. ამბობს, რომ თუ ბავშვები არ სჭირდება ყველა ღონეს ვიხმარ, რომ მათზე პასუხისმგებლობა მე ავიღოო. სოფიკო უსახლკარობის გამო ისევ თავშესაფარში აღმოჩნდა, ამჯერად 3 შვილით... ახლა, პროგრამით გათვალისწინებული ვადა ეწურება და შემზარავი რეალობის წინაშე დგება - ბავშვები სახელმწიფო ზრუნვაში გაუშვას. 

 „ჩემი ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ გამიმართლა. მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ მიმატოვა. 3 თვიდან ბავშვთა სახლში ვიზრდებოდ. მოგეხსენებათ, რა ძნელია იქ ყოფნა, თანაც როცა იცი, რომ სადღაც დედა ცოცხალი გყავს... როცა 18 წლის გავხდი ჩემზე 15 წლით უფროსმა კაცმა მომიტაცა. არ მიყვარდა, არც გათხოვება მინდოდა. გამაპუტიურა, მისმა ნათესავებმა მითხრეს, რომ სახელი გაგიტყდება თუ წახვალო. მეც დავრჩი მასთან, მატერიალურად ძალიან გვიჭირდა, მუდმივად მცემდა და მაშინებდა, თუ ვინმესთან იტყვი ყველას ამოგიწყვიტავ ვინც გიყვარსო, ამიტომ ვდუმდი. ნანგრევებშიც კი მიცხოვრია ჩემს შვილთან ერთად. როცა ქმარი ჯართის მოპარვისათვის დაიჭირეს თავშესაფარში აღმოვჩნით. მეგობრის დაბადების დღეზე მომავალი ქმარი გავიცანი. მან დიდი ყურადღება და სითბო გამოიჩინა ჩემს მიმართ. მეც ადამიანურად მოპყრობას დახარბებული ვენდე და ორი ქალიშვილი გავუჩინე. ერთ დღესაც უბრალოდ ადგა და წავიდა ჩვენგან, მეც აღარ მიცდია მისი ნახვა, ბავშვების მიტოვება ვერ ვაპატიე... 

ახლაც თავშესაფარში ვართ მე და ჩემი პატარები. 26 ივლისს გვეწურება აქ ყოფნის ვადა. 1 თვის წინ პიცერიაში დავიწყე პიცის ცხობის სწავლა, პარალელურად სურპგაციის დონორი ვარ, ეს გადაწყვეტილება იმისთვის მივიღე, რომ ბავშვები არ წამართვან... 

სოციალურმა მუშაკმა მითხრა, რომ თავშესაფრის დატოვების შემდეგ მათ ვერ მიხედავ, აიწყვე ცხოვრება და მერე დაიბრუნეო. მე ეს საშნლად არ მინდა, ვერც ბავშვები გაძლებენ ჩემს გარეშე და ვერც მე მათ გარეშე. თქვენი საშუალებით მინდა მივაწვდინო ხმა იმ ადამიანებს ვისაც ჩემი და ჩემი შვილების ბედი ეხებათ, თუ მათ წამართლევთ, იცოდეთ წინასწარ, რომ იმ წამსვე თავს მოვიკლავ. მე ვიცი რა არის დედის გარეშე, სახელწმიფო ზრუნვის დაწესებულებაში ცხოვრება და ამას არ დავუშვებ. მეც მიმატოვა დედამ და იგივეს ჩემს შვილებს ჩემზე არ ვათქმევინებ. ყველა ღონეს ვიხმარ, რომ პატარებს ელემენტარული პირობები შევუქმნა, უბრალოდ მათ ვერ დავთმობ“ - ასე დაასრულა საუბარი სოფიკო მეზვრიშვილმა. 

„პრაიმტაიმი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ბავშვების ადგილ-სამყოფელს საგანგებო საბჭო განსაზღვრავს, რომელსაც თავად სოფიკო მეზვრიშვილიც დაესწრება. 

„ჩვენი ინტერესი რა თქმა უნდა, ბავშვების უსაფრთხო გარემოში განთავსებაა. თუ დედა ვერ შეძლებს უზრუნველყოს სახლით, პირველადი საჭიროების ნივთებით, საკვებით, საჭიროების შემთვევებში მედიაკმენტებით, რაც ყველაზე მთავარია - უსაფრთხო გარემოთი, ჩვენ შევთავაზებთ ბავშვების განთავსებას დროებით მიმღებ ოჯახში. გვესმის, რომ ეს მტკივნეული, თუმცა, ერთგვარი მხარდაჭერის გზაა, მისცე დედას საშუალება შვილების დასაბრუნებლად იზრუნოს კეთილდღეობაზე და ამავე დროს, იცოდეს, რომ ბავშვები უსაფრთხოდ, თბილ და მზრუნველ გარემოში არიან. ვნახოთ საბჭოზე რაზე შევთანხმდებით, თავად დედაც იქნება და იმედი მაქვს, ბავშვების გამო საუკეთესო ვარიანტზე შევჯერდებით“ - განმარტავს სოციალური მუშაკი, ნინო იობაშვილი. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური