„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან

18:52 06-29-2019
66

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედანზე გაემართებიან. მსვლელობა პარლამენტტის შენობასთან დასრულდება სადაც უკვე მეათე დღეა აქცია იმართება.  

“დავიძვრებით რესპუბლიკის მოედნიდან და ჩავალთ თავისუფლების მოედანზე. ჩვენი პროტესტი გრძელდება, სანამ მესამე, რიგით ბოლო მოთხოვნა  – შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა არ იქნება შესრულებული“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.

მსვლელობას ფილარმონიის ტერიტორიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ხოლო რუსთაველიდან „ევროპული საქართველოს“ წევრები შეუერთდებიან. აქციას უერთდებიან სხვა რეგიონებიდანაც.  

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ უკვე მეათე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, შს-მინისტრის გადადგომას და 20 ივნისის ღამეს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნებიდან ორი დაკმაყოფილდა. ამ ეტაპზე აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით იკრიბებიან.