არასრულწლოვანი შვილების მიმართ ძალადობაში 5 თვეში 110 მშობელი ამხილეს - შსს

11:08 06-13-2019
161

2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 პირი ამხილეს, რომელთაგან 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება.

ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.

62 შემთხვევაში - ოჯახის წევრი (დედა ან ბებია);

32 შემთხვევაში - მსხვერპლი ბავშვი;

4 შემთხვევაში - მეზობელი;

3 შემთხვევაში - მოქალაქე/შემსწრე პირი;

2 შემთხვევაში - ნათესავი;

2 შემთხვევაში - საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა;

2 შემთხვევაში - სკოლა/მანდატური;

1 შემთხვევაში - არასამთავრობო ორგანიზაცია;

1 შემთხვევაში - სოციალური სამსახური;

1 შემთხვევაში - სხვა პირი.

მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების ინიციატორი იყო:

შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში - სხვა პირმა.

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. თუმცა, კვლავ დაბალია მიმართვიანობა გარეშე პირების, მათ შორის, მეზობლების მხრიდან, რაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მიმართ მათ არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.