მაია ცქიტიშვილი - მახარებს ის, რომ ამერიკის მთავრობა დადებითად აფასებს ხელისუფლების როლს ანაკლიის პროექტის განვითარებაში

14:04 06-12-2019
20

“არაერთხელ გვითქვამს, რომ ანაკლიის პროექტი ჩვენთის მნიშვნელოვანია და ამ პროექტს ჩვენი მთავრობის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს. მახარებს ის ფაქტი, რომ ამერიკის მთავრობა დადებითად აფასებს  ხელისუფლების როლს ამ პროექტის განვითარებაში.- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, შტატების გზავნილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების განზომილებაც აქვს.

“ანაკლიის პორტისადმი გამოჩენილი ყურადღება აშშ-ს მხრიდან, მეტყველებს იმაზე, რომ ამ პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური განზომილება აქვს, არამედ აქვს უსაფრთხოების განზომილება. იცით, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი მსხვილი დამფუძნებელი არის ამერიკული კომპანია და სწორედ ეს ფაქტორი, რომ კონსორციუმის წევრი არის როგორც, ქართული, ისე ამერიკული კომპანია, ასევე პორტის მნიშვნელობა, იქ და ისეთი სახით, რა სახითაც იგეგმება, განსაზღვრავს სახელმწიფოს მხრიდან ასეთ უპრეცედენტო მხარდაჭერას,“- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება და აღნიშნა, რომ „პორტის პროექტი თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას, ვინაიდან მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით“.