სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები - ორი დაჭრილიდან ერთ-ერთი 18 წლის მოზარდია

14:23 06-09-2019
1167

წუხელ გვიან ღამით დიღმის მასივში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ორი მოზარდი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთი 18 წლის მიშო მ. ხელის, ფეხისა და მუცლის არეშია დაჭრილი.

კონფლიქტი დაახლოებით ღამის ორ საათზე, სუპერმარკეტ „ნიკორასთან“ დაიწყო. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მარკეტში მყოფ მიშო მ-ს იქვე მყოფი სხვა ახალგაზრდა მამაკაცები შეეკამათნენ და ეუბნებოდნენ, რომ თითქოს მათი მისამართით გაიცინა.

სიტყვიერი კონფლიქტი მარკეტის გარეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდა. შედეგად დანით დაიჭრა მიშო მ. და მისი თანხმლები ახალგაზრდა. დაჭრილი მოზარდი საცხოვრებელი სახლისკენ სირბილით გაიქცა. მიმდებარე ტერიტორიაზე, საკმაოდ ვრცელ პერიმეტრზე ახლაც შესამჩნევია სისხლის ნაკვალევი, რომელიც სწორედ დაჭრილის საცხოვრებელ კორპუსამდე მიდის.

გამომდინარე იქიდან, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილობრივებისთვის მომხდარის დეტალები უცნობია. მათ მხოლოდ დილით აღმოაჩინეს სისხლის ნაკვალევი.

დაჭრილი მოზარდი წუხელვე სახლიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.  პოლიციაში შეტყობინებაც სწორედ სამედიცინო დაწესებულებიდან შევიდა. ორივე დაჭრილს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა ამ ეტაპზე დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაულის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს. ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ფაქტზე ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.  

დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება, მეორე კი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.