დაუშვებელია მოსამართლეთა შერჩევა იმის მიხედვით, თუ როგორ განწყობაზეა დილიდან იუსტიციის საბჭოს წევრი

17:08 05-22-2019
4870

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წერილობით კომუნიკაციაში განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში არ აქვს შეფასების და ქულათა მიკუთვნების ცხრილები და რომ შეფასება განხორციელდება საბჭოს წევრების მიერ სუბიექტურად, გუნება-განწყობის, ან კანდიდატის მიმართ არსებული სიმპატია/ანტიპატიაზე დაფუძნებით“, - აცხადებს მოსამართლეობის კანდიდატი, სამართლის დოქტორი, პროფესორი  გიორგი თუმანიშვილი.

მისი თქმით, ამ მიმოწერით ირკვევა, რომ ვერავინ შეძლებს, გაზომოს თუ რამდენად ობიექტური იქნება საბჭოს წევრების გადაწყვეტილება.

თუმანიშვილი თვლის, რომ საბჭოს ასეთი დამოკიდებულება ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობის - 20 მოსამართლის კანდიდატურის შერჩევას

„საზოგადოებისათვის და ქვეყნისათვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კომპლექტაცია ამ ეტაპზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ვინაიდან ყველა სამართლებრივი დავის საბოლოო დანიშნულების ადგილია. იმ შემთხვევაში თუ ამ ინსტიტუციაში იქნებიან სისტემის მიმართ (მნიშვნელობა არ აქვს რომელ სისტემაზე იქნება საუბარი) ლოიალური პირები - სამართალს უნდა დავემშვიდობოთ ასევე ძალიან ბევრი წლით.

მე არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი უპასუხისმგებლობა ხდებოდეს. არ მინდა და ყოვლად მიუღებელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასე ღიად, წერილობით აცხადებდეს, რომ მოსამართლეთა შერჩევისას კანდიდატთა შეფასებისას არავითარი ობიექტური საზომი არ იქნება გამოყენებული, რომელიც შეიძლება მათემატიკურად იყოს  გამოსახული. რომ კანდიდატმა შეიძლება მიიღოს 0 ქულა, მხოლოდ იმაზე დაფუძნებით, რომ საბჭოს წევრს ის არ მოსწონს, არ ესიმპატიურება, ან უბრალოდ ცუდ განწყობაზეა დილიდან.

სკოლაში, უნივერსიტეტში, სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუციებში ნებისმიერი ტესტისა, თუ კონკურსისას, უნდა არსებობდეს, ობიექტურად გაზომვადი შეფასების მინიჭებისათვის განკუთვნილი ცხრილი. სხვა შემთხვევაში საუბარი ზედმეტია ობიექტურობაზე, გამჭვირვალობაზე და ღიაობაზე. სირცხვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ასეთი დამოკიდებულებისათვის, სირცხვილი! საზოგადოებამ ეს არ უნდა მოითმინოს ეს“ - ამბობს თუმანიშვილი.

იგი საზოგადოებას მიმართავს, რომ არ დაუშვან ის, რის განხორციელებასა და თითოეული მოქალაქისათვის თავზე მოხვევას აპირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

პროფესორმა თუმანიშვილმა სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა ვიდეო და საბჭოსთან მიმოწერის ამსახველი ფოტომასალა.