დედოფლისწყაროში არქეოლოგიური გათხრები დაიწყება

15:27 05-15-2019

დედოფლისწყაროს კირქვის კარიერში არქეოლოგიური გათხრები დაიწყება. არქეოლოგთა ჯგუფი ადგილის შესწავლას მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყებს.

საწარმოო სამუშაოს მიმდინარეობისას, ქვიშის მოპოვების დროს კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ დედოფლისწყაროს საწარმოს თანამშრომლებმა უძველეს სამარხებს მიაკვლიეს. ადგილის შესწავლამდე კომპანიამ სამუშაო პროცესი შეაჩერა.

დედოფლისწყაროში, კირქვის საბადოზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს არქეოლოგი, აკადემიკოსი, ისტორიის დოქტორი მერაბ ძნელაძე უხელმძღვანელებს, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია.

როგორც არქეოლოგი მერაბ ძნელაძე ამბობს, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ძველი წელთაღრიცხვის IV-III საუკუნის ფარნავაზის ეპოქის სამარხებთან, რომელთა შესწავლა ჯერ არ დაწყებულა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ „ჰაიდელბერგეცემნტი“, არქეოლოგიური გათხრების დაფინანსებას საკუთარ თავზე აიღებს.