„ძალიან დამენანა, მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა და ასე ტრაგიკულად დაამთავრა ცხოვრება“ - ვინ არის კოსტავას ქუჩაზე დაღუპული მუშა

13:41 05-15-2019
5309

მუშა, რომელიც გუშინ კოსტავას N75-ში მდებარე მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ხარაჩოდან გადმოვარდა, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 1969 წელს დაბადებული გიორგი მჭედლიძეა, რომელიც წარმოშობით ხარაგაულის რაიონიდან, სოფელ ღორაშედან იყო, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში რუსთავში ცხოვრობდა.

გიორგი მჭედლიძე დასაოჯახებელი იყო, ჰყავს ორი ძმა. ოჯახის ახლობლის თქმით, გარდაცვლილი წლების განმავლობაში მშენებლობაზე მუშად მუშაობდა.

„ფინანსურად უჭირდათ, ცხონებული წლების განმავლობაში სულ მშენებლობაზე მუშაობდა. მშობლები აღარ ჰყავს, ისინი სოფელში არიან დაკრძალულები. ჰყავს ორი ძმა, ერთ-ერთს მეტყველების პრობლემა აქვს. ძალიან დამენანა, მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა და ასე ტრაგიკულად დაამთავრა ცხოვრება...“ -აცხადებს ოჯახის ახლობელი.

14 მაისს თბილისში, კოსტავას 75 ნომერში მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. 

თვითმხილველების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დასრულებულია, ჯებირი 15 სართულიდან მოწყდა და გადმოვარდნილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც „პრაიმტაიმს“ 112-ის პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ ბრიგადას მუშა გარდაცვლილი დახვდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

პროფკავშირების ინფორმაციით, მიმდიანრე წლის მონაცემებით, საწარმოო ტრავმების შედეგად გარდაიცვალა 11 და დაშავდა 14 ადამიანი. 11 გარდაცვლილიდან 10 სამშენებლო ობიექტზე დაიღუპა.