გვანცა ჯობავა წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის გაერთიანებაზე - ჩვენ ველოდით თქვენს შურისძიებას...

00:03 05-04-2019
380

ჩვენ გვაქვს ქვეყანა, საიდანაც ახალგაზრდები ყოველდღიურად გარბიან, აქ ადამიანებს კარგი საქმეებისთვის სჯიან და წიხლსაც დაუფიქრებლად უთავაზებენ - ასე გამოეხმაურა ''ფეისბუქზე'' საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოცოიაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და მწერალთა სახლი გაერთიანებას.

''ჩვენდა საუბედუროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანა, საიდანაც ახალგაზრდები ყოველდღიურად გარბიან, იმიტომ რომ აქ ადამიანებს კარგი საქმეებისთვის სჯიან და წიხლსაც დაუფიქრებლად უთავაზებენ, შემდეგ კი მოსუფთავებულ ადგილას ახალი სივრცეების ჯიჯგვნას იწყებენ, ახალი, ჯერ აუთვისებელი ტერიტორიების. დღეს განათლებისა და კულტურის სამინსიტრომ სრულიად უბოდიშოდ, როგორც ერთი რიგითი ამბავი, პარასკევ საღამოს, მოშვებისა და დასვენების ჟამს, სასხვათაშორისოდ გავრცელებულ, ძალიან ბევრი ინფორმაციით დატვირთული რელიზის, მეასეხარისხოვანი ამბის სახით შემოგვაპარა, რომ წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი აღარ იქნება, უფრო სწორად გახდება შენაერთი გაურკვეველი ფონდის, რომელსაც ამ დრომდე გაურკვეველი, იქს ხელმძღვანელი ეყოლება (არ მინდა დავიჯერო გავრცელებული ხმების კანდიდატურასთან დაკავშირებით და არც მინდა გავიმეორო, ვაითუ იდეა მოეწონოთ). სამინისტრომ ასე უცერემონიოდ გააუქმა ორგანიზაცია, რომელმაც გასულ წელს მთელი ქვეყანა სიამაყით აავსო და მთელი მსოფლიო ჩვენზე აალაპარაკა, შექმნა პროექტი, რომელმაც ყველას თავი ევროპის ღირსეულ წევრებად გვაგრძნობინა - ფრანკფურტის პროექტი იყო იმ ადამიანების პროექტი, რომლებიც ბოლომდე თავისუფლების, თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე ვიდგებით და ვერაფრის მიუქმ-მოუქმება ამას ვერ შეცვლის, ეს ყველამ უნდა იცოდეს და, მეორეს მხრივ, გააუქმა ჩვენს მშობლიურ სახლად ქცეული მწერალთა სახლი, სადაც არ არსებობდა ცენზურა და აკრძალვა, არ არსებობდა წინაღობა - ერთი სიტყვით, განაჩენი გამოუტანა თავისუფლების ორ მნიშვნელოვან კუნძულს (როგორც მათ უკვე უწოდეს ჩემმა კოლეგებმა) ამ ბურუსით მოცულ ქვეყანაში. ჩვენ არ გვჯერა შემთხვევითობების, დამთხვევების, არ გვჯერა ჩვენზე ზრუნვით მიღებული გადაწყვეტილებების (საბაბად მოშველიებული ევროკავშირის ექსპერტის დასკვნა, უბრალოდ დაცინვაა და მეტი არაფერი), გასული წლის მოვლენების გამო ჩვენ ველოდით თქვენს შურისძიებას, რომელიც დადგა კიდეც, რისთვისაც დიდი მადლობა და ახლა ველოდებით პასუხებს ჩვენს შეკითხვებზე. იმდენად აღარ ტოვებთ სასუნთქ სივრცეს, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, რომ ალბათ ბოლოს ყველა ერთად დავიხრჩობით - ჩვენც და თქვენც'', - წერს გვანცა ჯობავა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მის დაქვემდებარებაში კულტურის მიმართულებით არსებული სსიპ-ების ნაწილს აერთიანებს. უწყება ამას მართვის გაუმჯობესებითა და მათი გაძლიერების სურვილით ხსნის.

სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და სსიპ მწერალთა სახლი გაერთიანდება და მათ ბაზაზე სსიპ ლიტერატურის ეროვნული ფონდი შეიქმნება;

სსიპ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი შეუერთდება სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმს.

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან ერთიანდებიან სსიპ-ები: ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი;

სსიპ მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი შეუერთდება სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს;

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შეუერთდება ნიკო ნიკოლაძის სახლ მუზეუმი და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი