(ექსკლუზივი) გიორგი ქობულია შესაძლოა ნათია თურნავამ შეცვალოს

15:46 04-08-2019
1079

მთავრობაში საკადრო გადაადგილებისთვის  ემზადებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას მიერ მინისტრის პოსტთან დამშვიდობების საკითხი დღის წესრიგიდან ჯერაც არ მოხსნილა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, უკვე ცნობილია ისიც, თუ ვინ ჩაანაცვლებს ქობულიას ამ თანამდებობაზე. ეს მისივე მოადგილე ნათია თურნავაა. 

გიორგი ქობულიას თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებენ მმართველი პარტიის ეკონომიკურ გუნდში.

,,ქობულიას შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ზოგადად არ ვემხრობი ამ ადამიანის თანამდებობიდან წასვლას. მომწონს, როგორც მინისტრი.- განაცხადა რომან კაკულიამ. 

ამ თემაზე ინფორმაციას არც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ფლობს. კითხვაზე, იყო თუ არა გუნდში გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლაზე საუბარი?- ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ არაფერი გაუგია. 

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტზე პარლამენტმა 15 ივლისს მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად დაამტკიცა.

მინისტრობამდე, ის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის მოსკოვის ფილიალში მუშაობდა, სადაც ის უფროსი პარტნიორი იყო.

სხვადასხვა დროს გიორგი ქობულია მუშაობდა თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, შემდგომ კი ფარმაცევტულ კომპანია Merc&Co-ს წარმომადგენლად საქართველოში. გიორგი ქობულია თავდაპირველი პროფესიით ექიმი-კარდიოლოგია.

რაც შეეხება ნათია თურნავას,  ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე გასული წლის სექტემბერში დაინიშნა. მსგავს თანამდებობას თურნავა 2006 წელსაც იკავებდა. მაშინ ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე იყო. 

2013 წლიდან თურნავა იყო საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს ხელმძღვანელ თანამდებობებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში. ნათია თუნრავა მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურში (1999 წ.), თბილისის საკრებულოსა (1998-2000 წწ.) და სახელმწიფო კანცელარიაში (1997-1998 წწ.).

ავტორი: თაკო ტომარაძე