ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა დამძიმდა

12:05 03-25-2019
14283

ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი 32 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. ის დღეს დილით ხაშურიდან ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. თაკო ლომიძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც „პრაიმტაიმს“ ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება და ემერჯენსში გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტშია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ შემზარავი შემთხვევა ხაშურში გუშინ საღამოს მოხდა. ქმარმა ცოლს სილამაზის სალონში ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 10-109 მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ გულისხმობს, რაც 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: მახო მიქელაძე