Exclusive ლიკა ყაზბეგი ზუზუს ჩვენებას უძღვნის -„...ეს რომ ორი დღით ადრე გაეგო, იქნებ ტრაგედიაც არ მომხდარიყო“

15:11 03-21-2019
891

15 აპრილს ლიკა ყაზბეგი გარდაცვლილ მეგობარს, მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილს ჩვენებას უძღვნის. დეფილეს ლიკა თავისი ყოველწლიური პროექტის ფარგლებში აკეთებს. ჩვენება მოძრაობის თეატრში გაიმართება. როგორც ლიკა ამბობს, რაიმე კონკრეტული კოლექციის დეფილე არ იქნება. 

„მე ჩემ პროექტებში აქცენტი პიროვნებებზე მაქვს გაკეთებული. შესაძლოა ქართველი დიზაინერების ლაბორატორიის კოსტიუმები გამოვიტანო. ზუსტად ჯერ არ ვიცი. ეს არის მორიგი პროექტი, უბრალოდ, ამჯერად ზუზუს ვუძღვნი. გამორიცხული არ არის, ეს პროექტი ყოველწლიურიც გავხადო, ზუზუ იმდენად კაშკაშა ადამიანი იყო... სადაც არ უნდა ყოფილიყო, როცა იწვევდნენ, აუდიტორია იმდენად უყვარდა, ყველგან მიდიოდა. ადამიანებთან ურთიერთობა მოსწონდა“ – „პრაიმტაიმთან“ საუბრისას იხსენებს ლიკა.

ჩვენებისთვის ორშაბათი დღე სპეციალურად შეარჩია, რადგან მსახიობები ამ დღეს ისვენებენ. გარდა მსახიობებისა, ღონისძიებაში მონაწილეობას სხვა პროფესიის მეგობრებიც მიიღებენ. ლიკა პროექტის მონაწილეების ზუსტ სიას ჯერჯერობით  ვერ ასახელებს. 

სცენაზე 17 წლის ზუზუ

ზუზუსთან ოც წლიანი მეგობრობა აკავშირებდა. თუმცა ლიკამ ბოლო პერიოდში აღმოაჩინა, რომ ზუზუ მისი ნათესავი იყო. ეს ნათესავის პანაშვიდზე მოხდა. „ზუზუ რომ იმ ოჯახში ვნახე, გამიკვირდა. აღმოჩნდა, რომ ჩემი ნათესავი ქალი მისი ნათლია იყო. იცით, რა თქვა ჟურნალისტთან ინტერვიუში? პირველად სცენაზე, 17 წლის ასაკში ლიკას ჩვენებაზე გამოვედი და ბოლოსაც ლიკასთან გამოვალო. ხომ თითქოს არაფერი ფრაზაა. მაგრამ რომ მოვისმინე, არ მესიამოვნა...“ 

„ხინჯად ჩამრჩა გულში...“

„ცოლი რომ მოიყვანა ტელევიზიით გავიგე და მისგან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ ეს რაღაც დროებითი იყო. ზუზუ არა საოჯახო ტიპაჟი იყო. ვიფიქრე, არაფხიზელმა რაღაც იხუმრა ჟურნალისტებთან და გაუვრცელეს-მეთქი. ვაპირებდი დამერეკა და ამაზე გვეცინა. მაგრამ დარეკვა რატომ გადავდე, არ ვიცი. და ეს ხინჯად ჩამრჩა გულში... ყაზბეგში ვიყავი თვენახევარი. ვაპირებდით, მარიამობას შევხვედროდით ერთმანეთს. იმ დღეს მეგობარმა მომწერა ამ ტრაგედიაზე, მართალია თუ არაო? უკან ვბრუნდებოდი მანქანით. არ მახსოვს, თბილისამდე ცოცხალი როგორ ჩამოვედი...“

 

კინოში და მის მიღმა

„ღრმა დეპრესიაში იყო ბოლოს. გული აწუხებდა. მიტოვებულივით იყო. ზუზუმ საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის პრიზი აიღო ილგარ საფატის ფილმში, რომლითაც ძალიან ამაყობდა და სწორედ ამ რეჟისორს უნდოდა კვლავ ზუზუს გადაღება. როგორც ხდება ხოლმე, თანამემამულეებზე მეტად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ უფრო აფასებენ ადამიანის ნიჭს. კინოს გრიმიორისგან, მზიკა კენჭიაშვილისგან შევიტყვეთ, რომ ამ აზერბაიჯანელმა რეჟისორმა როლზე დაამტკიცა და მალე გადაღებები ეწყებოდა. წარმოგიდგენიათ? ეს რომ ორი დღით ადრე გაეგო, იქნებ ტრაგედიაც არ მომხდარიყო... 

სხვათა შორის, მზიკა იხსენებს. აზერბაიჯანში გადამღები ჯგუფი იქაურ მასპინძელს ბანკეტზე დაუპატიჟებია. მიწვეულ სტუმრებს შორის მზიკა გამორჩენიათ. სწორედ ამიტომაც, პროტესტის ნიშნად არ წასულა არც ზუზუ. მერე ორივეს ერთად რესტორანში მოულხენიათ... იქ დაუხარჯავს მთელი ჰონორარი, მეორე დღეს თეთრი არ ჰქონია...“

შეგახსენებთ, 2018 წლის 17 აგვისტოს, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლის ლიფტში მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს.

 

თამარ გონგაძე