იაშვილის საავადმყოფოში გრიპის და გრიპის მაგვარი დიაგნოზით 63 პაციენტი მკურნალობს

12:22 01-11-2019
148


დღევანელი მდგომარეობით, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპით და გრიპის მაგვარი დაავადებებით 63 პაციენტი მკურნალობს - ამის შესახებ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ყოველდღიური დინამიკა გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებაზე არ მიუთითებს.


"დეკემბრის ბოლო მონაცემებით, პაციენტების ჯამური მომართვიანობა 403 შეადგენდა, იანვრის პირველ კვირაში ჯამური მომართვა 405 პაციენტი იყო. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დეკემბრის ბოლოს კვირას 205 იყო, იანვრის პირველ კვირას 160. ყველაზე მნიშვნელოვანი გართულება, რაც გრიპის ვირუსს ახასიათებს არის ფილტვების ანთება. დეკემბრის ბოლო კვირას ფილტვების ანთებით ჰოსპიტალიზებული იყო 32 პაციენტი, ხოლო იანვრის პირველ კვირას 20 პაციენტი. ყველა კომპონენტის მიხედვით, იანვრის პირველი კვირაში ნაკლებია, ვიდრე იყო დეკემბრის ბოლო კვირაში.

არ შეცვლილა მძიმე შემთხვევების რაოდენობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დღესაც მკურნალობს 3 პაციენტი და აქედან, დადგენილია, რომ ორს აქვს გრიპი, გართულებული ფილტვების ანთებით, ხოლო ერთ პაციენტთან გრიპი ფილტვების ანთების გარეშე მიმდინარეობს. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. სავარაუდოდ, ორ მათგანს ხვალ გადავიყვანთ დეპარტამენტში.

დღევანდელი მდგომარეობით იაშვილში წევს 63 პაციენტი, სადაც დადგენილი გვაქვს გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადება კლინიკური ნიშნების მიხედვით დიაგნოზი. გუშინდელი მდგომარეობით იყო 72 პაციენტი ანუ ყოველდღიური დინამიკა შემთხვევების მატებაზე არ მიუთითებს" - განაცხადა ივანე ჩხაიძე.