ფინანსთა მინისტრმა ხორბლის იმპორტიორებს კანონის ამოქმედების ვადის გადაწევა და კონსულტაციები შესთავაზა

19:13 09-19-2018
22

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავ მეწარმეებისა და მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა და შესთავაზა, რომ კანონის ამოქმედების ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიდოს. 
 
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავ მეწარმეებსა და მძღოლებს ბრძანების ამოქმედებამდე დარჩენილ პერიოდში, შესთავაზა საინიციატივო ჯგუფისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას  სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთობლივად დაიწყებდა მუშაობას ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისა და საბოლოოდ ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
„ჩვენ კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და პრობლემის მოგვარებისთვის. ვფიქრობთ, პირველ იანვრამდე საკმარისი დროა იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს საკითხი და მოვძებნოთ ყველასთვის უმტკივნეულო და მისაღები ვარიანტი. გაძლევთ პირობას, თქვენ გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მჯერა, რომ მივაღწევთ შეთანხმებას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
 
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გაფორმების ეკონომიკურ ზონას მისცენ მუშაობის განახლების საშუალება და დიალოგი გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. 

კანონის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა/გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით ცალკეულ შემთხვევაში დასაშვები ხდება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანხმობით, სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის ექსპორტ/იმპორტი შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ლილოში მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან სატვირთოს მძღოლები კანონის შეცვლის მოთხოვნით უკვე რამდენიმე დღეა აქციას აწყობენ.

 

ავტორი: ნინო რაზმაძე