„გორმედში“ პაციენტის სიკვდილს, გარდაცვლილის ახლობლების ექიმებთან დაპირისპირება მოჰყვა

00:18 08-20-2018
245

საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედთან“. პოლიცია საავადმყოფოს ადმინისტრაციამ გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლებთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გამოიძახა.

როგორც "პირველი არხი" იუწყება, გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცის ახლობლებს პრეტენზიები საავადმყოფოს ექიმებთან ჰქონდათ.

მამაკაცი სამედიცინო ცენტრში დღეს დილით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მიიყვანა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ექიმებმა ის კლინიკაში კუჭთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოზით დააწვინეს, რამდენიმე საათში კი მამაკაცი გარდაიცვალა.

სამედიცინო ცენტრის რეანიმაციული განყოფილების უფროსმა, დავით ყაზაიშვილმა "პირველ არხს" განუცხადა, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა.

„რომ შემოიყვანეს, ნაწლავის თრომბოზზე გვქონდა ეჭვი. ამ დიაგნოზით დავტოვეთ კლინიკაში. რაღაც მომენტში დასტაბილურდა მდგომარეობა, მაგრამ მერე ისევ გაუარესდა. გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა“, – განაცხადა  ყაზაიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.