თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ აიცილოს საქმე, ის შესაძლოა ამისთვის დაისაჯოს - ანა დოლიძე

18:06 05-20-2018
108

მოსამართლეთა პროფესიული შეცდომისთვის დასჯასა და კონკრეტული  პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, მოსამართლეები და კანონმდებლები უკვე რამდენიმე საათია მსჯელობენ. დასაზუსტებელია, რა ითვლება გადაცდომად და როგორი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხი.

ცვლილებას აკრიტიკებენ არამოსამართლე წევრები: ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი. ანა დოლიძის აზრით აშშ-ს განცხადება საყურადღებოა, რომ სასამართლო ხელისუფლება მართლაც დამოუკიდებელი იყოს. მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებით, მოსამართლეთა გაკონტროლების ახალი ბერკეტი იარსებებს:

"საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება არის ძალიან საინტერესო. ეს არის გამაფრთხილებელი განცხადება კანონმდებლებისათვის, რომ ბევრად უფრო სერიოზულად მოეკიდონ სასამართლო სისტემის რეფორმის და უპირველეს ყოვლისა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს. ეს არის უმთავრესი გამოწვევა სახელმწიფოს წინაშე, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს მართლაც დამოუკიდებელი და კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტებული.

პროექტს აქვს გარკვეული უპირატესობები, თუმცა მასში არის ორი ხარვეზი. შემოდის დისციპლინური გადაცდომის ბრალეულობის საკითხი, ანუ უნდა გამოვიყენოთ დაახლოებით საგამოძიებო მექანიზმები, რომ დავადგინოთ მოსამართლემ საქმე ძალით გააჭიანურა თუ გაუფრთხილებლობით. ამის საშუალება საბჭოს არ ექნება. ანუ კიდევ ნაკლებად დადგება მოსამართლეთა პასუხისმგებლობა. კიდევ ერთი პრობლემა არის თვითაცილების დასჯა – თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ აიცილოს საქმე, რადგან ის თავს კომფორტულად არ გრძნობს და თვლის, რომ მიკერძოებული იქნება, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ აიცილოს საქმე, ის შესაძლოა ამისთვის დაისაჯოს. ეს გამოყენებული იქნება როგორც მოსამართლეებზე კონტროლის ბერკეტი”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება აშშ-ს წერილს, 18 მაისს აშშ-მ საქართველოს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 

"ჩვენ დადებითად ვაფასებთ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ძალისხმევას მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური სამართალწარმოების საკითხების განხილვის კუთხით. ჩვენ ვურჩევთ სამუშაო ჯგუფს, დაეყრდნოს საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებს, რომელიც უზრუნველყოფს გააზრებულ სამოქმედო გეგმას რეფორმისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ სამუშაო ჯგუფს, შეიმუშაოს გამჭვირვალე დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ეფუძნება მკაფიო და ობიექტურ საგამოძიებო პროცედურებსა და მტკიცებულების სტანდარტებს. დისციპლინური სამართალწარმოების გამჭვირვალობის ზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებასა  და სასამართლო სისტემის ობიექტურობისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას,"- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: