1692302192
„თავს ვადანაშაულებდი, პირველი ოპერაცია რომ წარუმატებელი აღმოჩნდა...“ - რას ჰყვება სალომე კაპანაძე

სალომე კაპანაძეს ბოლო პერიოდში ბევრ სირთულესთან მოუხდა გამკლავება, როგორც ფიზიკურის, ისე მენტალურის, თუმცა საბედნიეროდ, შეძლო პრობლემების მოგვარება და ნაბიჯების უკეთესობისკენ გადადგმა.
სალომე კაპანაძე: ცვლილებები ძალიან მიყვარს, მაგრამ აქამდე გარეგნობაში რადიკალური ცვლილების შეტანას ვერ ვრისკავდი. ასე მშვიდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ერთ დღეს ძალიან მომინდა, რამე შემეცვალა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ძველი ტრავმა დამემუშავებინა. ანუ, არ მინდოდა, პირველი წარუმატებელი მცდელობა პლასტიკურ ოპერაციასთან დაკავშირებით ჩემთვის ტრავმად დარჩენილიყო და ამ მიმართულებით წერტილი დამესვა. მგონი, ყველამ იცის, როგორ წარუმატებლად დასრულდა ჩემი მკერდის პლასტიკური ოპერაცია, რომელიც საქართველოში გავიკეთე. მხოლოდ ფიზიკურ ტრავმას არ ვგულისხმობ, ამ ოპერაციამ ფსიქოლოგიური ტრავმაც მომაყენა. ძალიან ცუდია, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ არ ვიცი, როგორღა უნდა ვენდო ქართველ პლასტიკურ ქირურგებს. ძალიან განვიცდი, როცა ვიგებ, რომ ვინმე ქართველ ექიმთან აპირებს რომელიმე პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შეცდომები. ამიტომაც წავედი თურქეთში. ყველამ იცის, რომ იქ ეს სფერო ძალიან განვითარებულია და წარუმატებლობის რისკი ნაკლებია. გადავწყვიტე, თურქეთში გამევლო კონსულტაცია მკერდთან დაკავშირებითაც და პლუს გამეკეთებინა „ბიბიელი“, რაც მართლა დიდი ხანია, მინდა. „ბიბიელი“ ნიშნავს საკუთარი ცხიმის სწორად გადანაწილებას მთელ სხეულში. მაგალითად, როცა სარკეში იხედები და ფიქრობ, რა კარგი იქნებოდა, კონკრეტული ადგილი უფრო მეტად მრგვალი ან თხელი ყოფილიყო, ზუსტად ამ წარმოდგენების მიხედვით გინაწილებს ექიმი სხეულში თქვენს ცხიმს პროპორციულად. მიხარია, რომ ამის გაკეთება შევძელი. მკერდის გაკეთება ცოტა ხანი არ შეიძლება, მაგრამ კონსულტაცია გავიარე და ვიცი, სად გავიკეთებ მომავალში. ასე თუ ისე, ეს ტრავმა გადავლახე.
– ვინც ახალი ფოტოები ნახა, მიხვდება, რომ მეორე ოპერაციით ძალიან კმაყოფილი ხარ...
– ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, საბედნიეროდ. რეაბილიტაცია უმარტივესი იყო. ერთ თვეში ისე ვიყავი, თითქოს არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია. ყველას ვურჩევ, ექიმის შერჩევისას დიდი ყურადღება მიაქციოს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და შედეგიც სასურველი ჰქონდეს. იმედია, საქართველოში ამ შედეგის მიღწევა მალე იქნება შესაძლებელი და აღარავინ გაივლის იმას, რაც მე გავიარე, დავსახიჩრდი ექიმის უპასუხისმგებლობის გამო.
– წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, ამ ნაბიჯის კიდევ ერთხელ გადადგმა არ გაგიჭირდა?
კი, გამიჭირდა, თან ძალიან. ჩემს თავს ვადანაშაულებდი, პირველი ოპერაცია რომ წარუმატებელი აღმოჩნდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება მჩვევია და ზუსტად ამიტომაც მინდოდა, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ გადამედგა, რომ ეს ფიქრები და განცდები არ დამრჩენოდა. ოპერაციაზე ისე წავედი, არავისთვის მითქვამს მშობლებისთვისაც კი და ცუდი შედეგი რომ მქონოდა, ვერ გადავიტანდი. საბედნიეროდ, ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოხარშო და მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი, გაამართლა.
მე არასდროს მითქვამს, არაფერს გავიკეთებ-მეთქი. არავისი მერიდება და არავის აზრი არ მაინტერესებს, თუ რამე მომინდა, აუცილებლად გავაკეთებ. ზოგი მეუბნება, როგორ გიხდებაო, ზოგი – რად გინდოდა, რატომ იმახინჯებ თავსო, უფრო უშვერი სიტყვებითაც მლანძღავენ, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და სხვისი შეფასებები ნაკლებად მაინტერესებს.
– მენტალურად როგორ იმოქმედა შენზე გამოვლილმა? ცოტა ხნის წინ შფოთვებსა და პანიკურ შეტევებზე წერდი.
– ერთ წელიწადში იმდენი გავიარე, რაც ალბათ, რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა გამევლო. გავიკეთე ოპერაცია და ხუთი თვე ძალიან ცუდად ვიყავი. ბოლომდე ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა, ჭრილობა არ ხორცდებოდა. თავს ვაჯერებდი, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ იყო. ოპერაციის შემდეგ ცოტა ხანში „პრაიმჰაუსში“ შევედი და იქ ოთხი თვე ვიყავი, რაც საერთოდ არ იყო მარტივი. პლუს იქ ჩემი ოპერაციის ამბებზეც საჯაროდ ვილაპარაკე, რის შემდეგაც ზოგი მადანაშაულებდა, ზოგი მამართლებდა და ძალიან ავირიე. მერე – ვითომ ურთიერთობა, მაგრამ რეალურად არანაირი ურთიერთობა და ამ ყველაფრის შედეგად დავიკარგე.
„პრაიმჰაუსიდან“ რომ გამოვედი, ბინა შევიძინე. როგორ შეიძლება, ადამიანმა ეს გააკეთოს და სიხარულს ვერ გრძნობდეს. მე ხომ ეს წლების განმავლობაში მინდოდა. მიზანს მივაღწიე, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ესეც კი არ მიხაროდა ისე, როგორც უნდა გამხარებოდა, გავაცნობიერე, რომ პრობლემის წინაშე ვიდექი.
დამეწყო უხასიათობით. აქამდე დეპრესია სახლში მოწყენილად ყოფნა მეგონა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი რამ ყოფილა. არ ვიცი, დეპრესია იყო თუ რა, მაგრამ ისეთი რთული იყო, რომ გახსენებაც აღარ მინდა, რადგან ყველაფერი დასრულდა. ჯერ, უბრალოდ, ხასიათზე არ ვიყავი, მერე ყველასთან ლაპარაკის სურვილი გამიქრა, ადამიანებთან, რომლებთანაც ყოველდღიური კავშირი მქონდა, კონტაქტი გავწყვიტე და თითქოს თვითგანადგურების ღილაკს დავაჭირე ხელი. ყველაფერზე უარს ვამბობდი, თითქოს საკუთარი თავის მტერი ვიყავი და ჩემს თავს ვუკეთებდი იმას, რასაც გამიკეთებდა ადამიანი, რომელსაც ჩემთვის ძალიან ცუდი უნდა. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა. იმ მომენტში ნორმალურად ვერც ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. დღესაც ბუნდოვნად მახსოვს ის მომენტები. დიდი ხანი არ არის, რაც მდგომარეობიდან გამოვედი და ძალიან მინდა, ის ყველაფერი საერთოდ ამოვშალო ჩემი მეხსიერებიდან... სრულად