სიახლე, რომელიც შინაური ცხოველების მეპატრონეებმა უნდა იცოდნენ - „დარღვევების შემთხვევაში პირველ ეტაპზე მოხდება გაფრთხილება, ხოლო შემდეგ დაჯარიმება“

ძაღლი და კატა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისში, 23 მაისიდან პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების გაუმჯობესებისა და მეპატრონეების ცნობიერების ამაღლების მიზნით იწყებს პროგრამას "კარდაკარ" - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, გიორგი კობიაშვილმა მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა.

კობიაშვილის თქმით, პროექტი ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც შინაური ცხოველი ჰყავთ, და არა ცხოველთა მიმკედლებლებს. მისივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ცხოველთა სტერილიზაციის, კასტრაციის, ვაქცინაციის და სხვა საკითხების შემოწმებას, რის შემდეგაც შესრულდება მონიტორინგი, რამდენად ასრულებენ მეპატრონეები თავიანთ ვალდებულებებს.

"ჩვენი სააგენტოს თანამშრომლები წინასწარ გაწერილი მარშრუტით კარდაკარ, ბინებზე გადაადგილდებიან და შემდეგ საკითხებს შეამოწმებენ: ცხოველების სტერილიზაციას, კასტრაციას, რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, ვაქცინაციას. სპეციალური ბაზა შეიქმნება, სადაც ცხოველების მეპატრონეების აღრიცხვა მოხდება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად, ამ ბაზაში აღრიცხვა მოხდება, სად მოხდა და რა სახის დარღვევა მოხდა. შემდეგ აუცილებლად გადამოწმდება, თუ რამდენად შეასრულეს მეპატრონეებმა თავიანთი ვალდებულებები.

ამ პროექტის მიზანია, რომ პირველ რიგში, მეპატრონეების აღრიცხვა მოხდეს, ასევე, მოხდეს ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების შემოწმება და მათი კეთილდღეობის ამაღლება. ცხოველების რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია მოხდეს. რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჩვენ მისამართზე, ადგილზე, მეპატრონეებს ცხოველების "ჩიპირებას“ და რეგისტრაციას შევთავაზებთ. ამის სანაცვლოდ მეპატრონეებს მოუწევთ "ჩიპის“ თვითღირებულების, მხოლოდ 19 ლარის გადახდა" - ამბობს კობიაშვილი.

ცხოველთა სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, დარღვევების შემთხვევაში პირველ ეტაპზე მოხდება პატრონის გაფრთხილება, ხოლო შემდეგ ეტაპზე მეპატრონის დაჯარიმება.