1747936027
55 წლის კაცი სასიკვდილოდ მეზობელმა გაიმეტა - რა მოხდა მკვლელობის ღამეს და რას ჰყვებიან ადგილობრივები

მკვლელობა ქუთაისში - ჩანჩიბაძის ქუჩაზე, ადგილობრივებმა ხმაური, გვიან ღამით გაიგეს, გარეთ გასულებს კი მძიმე სურათი დახვდათ. იოსებ ხარაბაძე თითქმის უგონო მდგომარეობაში ძირს იწვა და სისხლისგან იცლებოდა. დაჭრილს სხეულზე დაზიანებები დანით ჰქონდა მიყენებული.
ადგილობრივებმა მალევე შეიტყვეს, რომ 55 წლის მამაკაცი, სასიკვდილოდ მისმა მეზობელმა გაიმეტა.
მეზობლის მკვლელობისთვის პოლიციამ ცხელ კვალზე 35 წლის მამაკაცი დააკავა. ის თეიმურაზ ჩოგოვაძეა. „კურიერის“ ინფორმაციით, ჩოგოვაძეს და ხარაბაძეს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მკვლელობის ღამეს მეზობლები ერთმანეთს შეხვდნენ, ისაუბრეს, კონკრეტულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„კურიერი“ მოკლულის ოჯახში იმყოფებოდა. როგორც თავად ამბობენ, დანაშაულის მოტივზე ინფორმაცია არ აქვთ.
წარსულში დაწყებული კონფლიქტის შესახებ იციან დაკავებულის ოჯახში, თუმცა თეიმურაზ ჩოგოვაძის ახლობლებს დეტალებზე, საჯაროდ საუბარი არ სურთ. ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ მეზობლებს შორის უთანხმოება პირად საკითხს უკავშირდებოდა.
დაკავებული 35 წლის მამაკაცი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ადვოკატის ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოგოვაძე თავს დამნაშავედ არ თვლის.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ბრალი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღიც ამოიღეს.