ოკუპირებულ ხურვალეთში ვალია ვანიშვილი, დათა პაპას მეუღლე დაკრძალეს - პროცესიაზე ოჯახის 2 ახლობლის შეშვება, ქართული პოლიციის საგანგებო შეთანხმების საფუძველზე მოხერხდა

დათა პაპას მეუღლე დაკრძალეს

ოკუპირებულ ხურვალეთში, ვალია ვანიშვილი, დათა პაპას მეუღლე დაკრძალეს. ის 17 მაისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. სახლი მან და მისმა მეუღლემ, დათა ვანიშვილმა, ოკუპაციის მიუხედავად არ მიატოვეს.

დღეს, გამონაკლისის სახით, პროცესიაზე ოჯახის 2 ახლობლის შეშვება მოხერხდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამძიმრისთვის მათი შესვლა, ქართული პოლიციის მიერ საგანგებო შეთანხმების დადების საფუძველზე მოხერხდა.

ვალია ვანიშვილის მეუღლე, დათა ვანიშვილი 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა ცოლ-ქმარს უთხრეს, რომ უნდა წასულიყვნენ, რადგან ე.წ. საზღვარი უნდა გაევლოთ და სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცეოდა. დათა და ვალია ვანიშვილებმა სახლის დატოვებაზე უარი თქვეს და სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ სახლში, მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობდნენ.