ბათუმის და თბილისის აეროპორტებში 22 ავიარეისი გაუქმდა - ნახეთ დეტალები

ფრენა

დღეს, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო, ბათუმის და თბილისის აეროპორტებში 22 ავიარეისი გაუქმდა.

აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 10 ფრენა - 7 თელ-ავივის, 2 თეირანის და 1 ერთი ქუვეითის მიმართულებით გაუქმდა. რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, დედაქალაქიდან 12 ავიარეისი დუბაის, თელ-ავივის, თეირანის, აბუ-დაბის, შარჟას და ქუვეითის მიმართულებით გაუქმდა.

„ისრაელიდან და ირანიდან ავიარეისები ორივე აეროპორტში 31 ივნისის ჩათვლით არის გაუქმებული. თელ-ავივიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ საევაკუაციო რეისები სრულდება.

სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ფრენები ნაწილობრივ სრულდება.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ბათუმის აეროპორტში ფრენები ეტაპობრივად აღდგა ქუვეითიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. შეფერხებები იმ შემთხვევაშია, თუ კონკრეტული ქვეყნები ხურავენ ცას“, - განმარტავენ TAV Georgia-ში.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისები ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ აბუ-დაბის მიმართულებით სრულდება და დღეიდან ავიარეისების შესრულება აღდგა.

ცნობისთვის, 13 ივნისიდან ისრაელ-ირანის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ახლო აღმოსავლეთიდან ფრენები შეფერხებით სრულდება. სრულადაა გაუქმებული ავიარეისები ისრაელიდან და ირანიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 24 ივნისს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ისრაელმა დაადასტურა, რომ დასთანხმდა აშშ-ის შეთავაზებას ირანთან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა "უპასუხებს ძალით" თუ ირანი შეთანხმებას დაარღვევს.