დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც კორუფციაშია ბრალდებული - რა თანხას დაეუფლნენ ბრალდებულები და კიდევ ვინ მონაწილეობდა ბიუჯეტის ძარცვის სქემაში?

ლევან კუპატაშვილი

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ყალბი დოკუმენტების დამზადება და დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება - პროკურატურამ სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წლის 21 თებერვალს, ხიდის ჩანგრევის საქმეზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავა. ლევან კუპატაშვილთან ერთად, უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა კიდევ 4 პირზე დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, კუპატაშვილმა და სამშენებლო კომპანიის დირექტორმა, ასევე პროექტის მენეჯერებმა სახელმწიფოს, საერთო ჯამში, 16 მილიონი ლარის მატერიალური ზიანი მიაყენეს.

გამოძიებით ირკვევა ისიც, რომ მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია, რეალურად, არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის. არქივი ინახავს 2 წლის წინანდელ ინტერვიუს, სადაც ლევან კუპატაშვილი ირწმუნება, რომ ხიდი უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნამ დააზიანა.

ჩანგრეული ხიდის ტერიტორიაზე, სადაც ამ დროისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ შეუშვეს.

ბრალი დაუსწრებლად უკვე წარედგინათ სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და პროექტის მენეჯერებს. გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ, კუპატაშვილის დახმარებით, საერთაშორისო ექსპერტს, რომელიც ზედამხედველობას ადგილზე არ აწარმოებდა, 1 173 000 ლარამდე თანხა მაინც ჩაერიცხა, პროექტის განმახორციელებელი კომპანია კი, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, 3 860 000-მდე ლარს თაღლითურად დაეუფლა.

სხვა კომპანიებისა თუ თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულის გამოკვეთის მიზნით, საქმეზე გამოძიება გრძელდება. ლევან კუპატაშვილისთვის წარდგენილი ბრალი 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გზების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის ყოფილი მოადგილე ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია.