1781607543
რუსთავში კონკურს-ფესტივალ „ქართულის“ ფარგლებში, ანსამბლ „ხალიბის“ ვარსკვლავი გაიხსნა
რუსთავში, ქორეოგრაფიული ფესტივალის „ქართულის“ ფარგლებში, ანსამბლ „ხალიბის“ ვარსკვლავი გაიხსნა.
„ხალიბი“ პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლია, რომელიც რუსთავში შეიქმნა და ქალაქის უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ქართული ხალხური ცეკვის სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი, წელს 65 წლის გახდა.
ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ქალაქის საკრებულოს დეპუტატები, ქორეოგრაფები და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
„დღეიდან ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერს, „რუსთავის“ და „სალხინოს“ ვარსკვლავებთან ერთად, ანსამბლ ,,ხალიბის" ვარსკვლავიც დაამშვენებს. ახალგაზრდები, რომლებიც დღეს „ხალიბში“ ცეკვავენ, იმ ღვაწლმოსილი ადამიანების საქმეს აგრძელებენ, ვინც 1955 წელს, რუსთავის თეატრის შენობაში ცეკვის პატარა სტუდია გახსნეს და ჩვენი ქალაქის ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი დაწერეს. „ხალიბი“ ემსახურება ყველაზე ეროვნულ საქმეს - ქართულ ფოლკლორს და ქორეოგრაფიას, ქმნის ამბავს, რომელიც ჩვენს ქალაქს დარჩება. ვარსკვლავის გახსნის ტრადიცია, ფესტივალ „ქართულთან“ ერთად დაიბადა და მიხარია, რომ რუსთაველებს კიდევ ერთი ჩვენი ქალაქური ტრადიცია გვაქვს. ვულოცავ ანსამბლ „ხალიბს“ 65 წლის იუბილეს და ბევრ წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ანსამბლ „ხალიბის“ ისტორია,
რუსთავის დრამატული თეატრის ისტორიის პარალელურად, 1955 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ შეიქმნა ქალაქში პირველი ქორეოგრაფიული სტუდია, რომლის ბაზაზეც 1960 წელს ანსამბლი „ხალიბი“ ჩამოყალიბდა. ანსამბლმა წარმატებული ქორეოგრაფების თაობები გაზარდა და დღემდე უდიდესი წვლილი შეაქვს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და რუსთავის კულტურულ ცხოვრებაში.
„კონკურს-ფესტივალი „ქართულის“ ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა ანსამბლ „ხალიბის“ ვარსკვლავი, რომელიც ქალაქში მრავალი წელია ერთგულად ემსახურება ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებას. „ხალიბმა“ არაერთი თაობა გაზარდა ქართული ცეკვის სიყვარულით, ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი კულტურა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ქორეოგრაფიის პოპულარიზაციის საქმეში. ვულოცავ ანსამბლის თითოეულ წევრს, ქორეოგრაფებსა და ხელმძღვანელებს ამ მნიშვნელოვან დღეს და შემოქმედებით საქმიანობაში მომავალ წარმატებებს ვუსურვებ “, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.
რუსთავში ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის ვარსკვლავის გახსნის ტრადიცია, ფესტივალ „ქართულთან“ ერთად დაიწყო. ცნობილი ქართველი ლოტბარის ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში „რუსთავისა“ და „სალხინოს“ ვარსკვლავების გვერდით, დღეიდან ანსამბლ „ხალიბის“ ვარსკვლავიც იქნება.











