ფსიქოლოგი მშობლებსა და პედაგოგებს მიმართავს

ბავშვი

ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე სოციალურ ქსელში მასწავლებლებისა და მშობლებისთვის საყურადღებო მიმართვას აქვეყნებს და წერს, რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა:

“აუცილებლად ასწავლეთ ბავშვებს!

– ასწავლეთ ბავშვებს, რომ მზე ერთადერთია და არ იმარცვლება.

– ასწავლეთ, რომ არ არის აუცილებელი ყველას სიყვარული, მაგრამ აუცილებელია ყველას აზრის პატივისცემა.

– ასწავლეთ ბავშვებს, რომ შეცდომების დაშვება არ არის ტრაგედია….შეცდომების აღიარება სიძლიერეა.

– ასწავლეთ ისეთი ზღაპრების წერა, რომლის ბოლოც ყოველთვის კეთილი არ არის.

– ასწავლეთ, რომ თუ ეტირებათ, აუცილებლად იტირონ, რადგან ტირილი სირცხვილი არ არის.

– ასწავლეთ, რომ არც დამარცხებაა სირცხვილი…

– ასწავლეთ დაკვირვება, რათა ისეთი რაღაცები აღმოაჩინონ, რასაც სხვები ვერ ხედავენ.

– ასწავლეთ როგორ დახუჭონ თვალები ისე, რომ გაფრინდნენ და იმოგზაურონ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

– იმედის გულით ტარება ასწავლეთ, უკეთესი ხვალინდელი დღის იმედის.

– ბუნების სიყვარული და მასზე ზრუნვა ასწავლეთ.

– ადამიანების რწმენა და სიყვარული ასწავლეთ, მაგრამ არც იმის თქმა არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, ამიტომ ფრთხილად ყოფნაც ასწავლეთ.

– ასწავლეთ, რომ ადამიანის გულსა და გრძნობებს უნდა გაუფრთხილდნენ.

– ასწავლეთ, რომ არ უნდა მოატყუოს, არ უნდა ატკინოს გული და არ უნდა დაჰპირდეს იმას, რასაც ვერ შეასრულებს.

– ასწავლეთ, რომ როცა იტყვის “მიყვარს”, ამ სიტყვებსაც და იმ ადამიანსაც მთელი გულით უნდა უერთგულოს, რადგან სიყვარული თამაში არ არის…

სიმართლის თქმის სიმამაცე ასწავლეთ, მოთმინება ასწავლეთ, და მთავარი – მიმტევებლობა ასწავლეთ, რადგან პატიება ძლიერებს შეუძლიათ.

– ღიმილი ასწავლეთ, გაღიმების უნარი, ნამდვილი გაღიმების. მხოლოდ ტუჩებით კი არა, თვალებით, გულით გაღიმება ასწავლეთ.

– ბედნიერების განცდა ასწავლეთ, მადლიერება ასწავლეთ, საკუთარი თავის და სამყაროს მიმართ.

მიეცით ბავშვებს უპირობო სიყვარული.

და ყველაზე მთავარი, ნუ შეაშინებთ ბავშვებს ღმერთის სახელით. ღვთის შიშის ნაცვლად, ღვთის სიყვარული ასწავლეთ.