„ბორის გოგიჩაიშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის იყო მიმოწერა, რომ ისინი ახორციელებდნენ უაქციზო ალკოჰოლური სასმელების წარმოებას“ - პროკურორი

გიორგი ჯავარაშვილი

პროკურორი გიორგი ჯავარაშვილი აცხადებს, რომ ბორის გოგიჩაიშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის იყო მიმოწერა, რაც უშუალოდ შეეხებოდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. მისივე თქმით, არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ უაქციზო ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ხოლო თუ დადგინდება რეალიზებაც, ბრალი ამ კუთხითაც დაზუსტდება.

საქმე ეხება ალკოჰოლის არალეგალურად წარმოებას, რომლის ფარგლებში დაკავებულ 7 პირს, დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"დაცვის მხარე აპელირებდა იმაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ იყო დადასტურებული ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ სასამართლო აფასებს ფორმალურ საფუძვლებს, რომ არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე აფასებს რამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული. სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და აღნიშნული იქნა სასამართლოს მიერ გაზიარებული.

ბორის გოგიჩაიშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის იყო მიმოწერა, რაც უშუალოდ შეეხებოდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომ ისინი ახორციელებდნენ უაქციზო ალკოჰოლური სასმელების წარმოებას. ბრალდებულები ერთმანეთში საუბრობდნენ და უგზავნიდნენ წარმოების ამსახველ როგორც ვიდეოჩანაწერებს, ასევე, რამდენიმე ბოთლი იქნა დამზადებული. ამასთან, მითითებული იქნა კონკრეტულად, რა დრო დასჭირდებოდა გარკვეული რაოდენობის უაქციზო ალკოჰოლური სასმელების დამზადებას. რეალიზების ნაწილთან მიმართებაში გრძელდება გამოძიება. თუ დადასტურდება მათი მხრიდან აღნიშნული უაქციზო ალკოჰოლური სასმლის რეალიზება, თავისთავად მოხდება ბრალის დაზუსტება რეალიზების ნაწილში," - აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, გიორგი კანდელაკს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი კანდელაკისთვის 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

პროცესზე რამდენიმე ბრალდებულმა, მათ შორის ყოფილმა მოკრივემ სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

იქამდე, საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლში არალეგალური საწარმო გამოავლინა და ათეულობით მილიონის ღირებულების კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი და უაქციზო სიგარეტი ამოიღო. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.