20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1758309530
ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა. ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურ წარმოებაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბორის გოგიჩაიშვილის გარდა სხვა ბრალდებულებს საერთოდ არ იცნობს. კანდელაკი სწორედ გორის მოქმედი დეპუტატის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ადვოკატმა დღეს მოსამართლეს 100 000 ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და შვიდივე დაკავებულს უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეუფარდა.
დანაშაულს არ აღიარებენ ამავე საქმეზე დაკავებული სხვა პირებიც. გორის საკრებულოს დეპუტატის ბორის გოგიჩაიშვილის უფლებადამცველმა, ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მოსამართლეს 50 ათას ლარიანი გირაო შესთავაზა. 5, 20 და 30 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს სხვა უფლებადამცველებმაც, რომლებიც ახლა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას აანონსებენ.
სახელმწიფო ბრალდება ამახვილებს ყურადღებას ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხეზე. პროკურორი აცხადებს, რომ საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის გიორგი კანდელაკისა და ბორის გოგიჩაიშვილის მიმოწერა, სადაც ისინი უაქციზო ალკოჰოლური სასმლის დამზადების დეტალებს განიხილავენ. გამოძიება მიმდინარეობს ბრალდებულების მიერ კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციასთან დაკავშირებითაც.
არალეგალურ საწარმოში, სადაც გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები წლების განმავლობაში ალკოჰოლურ სასმელებს კუსტარულად ამზადებდნენ, ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამოღებულია ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების - 75 ათასზე მეტი ბოთლი სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა ჯერ ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს, შემდეგ იჯარით მიწის ნაკვეთი აიღეს და ალკოჰოლური სასმელების კუსტარულად დამზადება დაიწყეს. უფრო მეტი ფინანსური სარგებლის მიზნით კი ბოთლებს ცნობილი უცხოური ბრენდების - Grey Goose, Beluga, Chivas Regal, Bourkan და Belvedere ეტიკეტებს აკრავდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შვიდივე დაკავებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.