საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა

დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, პირველი მოსმენის შემდეგ, ცვლილება შევიდა მრჩევლის განმარტებაში და კანონპროექტის პირველი მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„პირი, რომლის უფლებამოსილება ძირითადად, არსებითად მოიცავს სახელმწიფო მოსამსახურის, მათ შორის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, აგრეთვე, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირისთვის, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ რჩევების მიცემას საჯარო სამსახურში მიიღება მრჩევლად“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კანონში ცვლილების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი საქმიანობა ხდება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.