რომელი პოლიტიკოსია, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ან არჩევნებში მონაწილეობა შეეზღუდა, როცა „სისხლის სამართლის კოდექსს“ არღვევ, ბუნებრივია, რეაგირება იქნება - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

პატარძალმა ეზო ვერ დაგავა იმიტომ, რომ მრუდეაო, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწია და ამიტომ იჭერენო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა „სისხლის სამართლის კოდექსს“ არღვევ, ბუნებრივია, რეაგირება იქნება.

„პატარძალმა ეზო ვერ დაგავა იმიტომ, რომ მრუდეაო. მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწია და ამიტომ იჭერენო. რომელი პოლიტიკოსია, ვისაც ვინმემ განსხვავებული მოსაზრება ან არჩევნებში მონაწილეობა შეუზღუდა? როცა „სისხლის სამართლის კოდექსს“ არღვევ, ბუნებრივია, რეაგირება იქნება. აშშ-ის პრეზიდენტისა და გენერალური პროკურორის განცხადებები მოისმინეთ, სადაც თქვეს, რომ ვინც კანონს შეეწინააღმდეგება, უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული. თან იციან, რომ დაიჭერენ და თეატრალურ სპექტაკლს დგამენ, ოფისში ელოდებიან და ა.შ. არავინ არავის იჭერს განსხვავებული პოზიციის გამო. მწვავე კრიტიკა სად ნახეთ? მათი პატრონების პოზიციები გასაგებია. ისინი იმასაც ამბობენ, რომ სჯობს, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნასო. მათ არავინ ექომაგება, რადგან იციან, რომ როცა დანაშაულს სჩადიხარ, აუცილებლად დაგიჭერენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.