„ამ კითხვებზე პასუხი, მხოლოდ ჩემშია...“ - ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
1747942366
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ორი საქმე განიხილა.
საკუთრების უფლების დარღვევის, ადამიანის ცემისა და წამების ფაქტებზე კომისიას ახსნა-განმარტება ალექსანდრე მეგუთნიშვილმა მისცა.
ალექსანდრე მეგუთნიშვილის განცხადებით, 2009 წელს ბიზნესმენმა დავით კოდუამ, მისი და მისი ძმის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას სახელით, მუქარით აიძულა მათთვის გადაეფორმებინა 3 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი წინანდალში.
მისივე თქმით, 2010 წელს, იგი, როგორც ღვინის ქარხნის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სხვა პირებთან ერთად, კახეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) უფროსმა დათო ლორთქიფანიძემ დაიბარა და ათ-ათი ათასი დოლარის მიტანა მოსთხოვა, თითქოსდა „აფხაზეთის რადიოსთვის“ ჩასარიცხად.
როგორც ალექსანდრე მეგუთნიშვილმა აღნიშნა, მან იმ დღეს მხოლოდ ორი ათასი დოლარის მიტანა შეძლო, დანარჩენი თანხის გადახდას კი მოგვიანებით აპირებდა. მისივე თქმით, სწორედ ამის გამო, ჯგუფური ხულიგნობის ცრუ ბრალდებით, იგი რამდენიმე პირთან ერთად დააკავეს და თელავის პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც სასტიკად სცემეს. ალექსანდრე მეგუთნიშვილის განცხადებით, ბრალის აღიარების შემდეგ ის და მისი ბიძაშვილი გლდანის ციხეში გადაიყვანეს, სხვა პირები კი, გაათავისუფლეს.
გლდანის ციხეში ცემისა და წამების ფაქტებზე საუბრისას ალექსანდრე მეგუთნიშვილმა აღნიშნა, რომ „გლდანის ციხე იყო ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთზე უარესიც კი“. მისივე თქმით, გლდანის ციხეში ყოფნის დროს მას ხერხემალი დაუზიანდა და დიაბეტით დაავადდა.
ალექსანდრე მეგუთნიშვილის განცხადებით, მისი თავისუფლების სანაცვლოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები მის ძმას რვა ძვირად ღირებული ავტომანქანის შეძენას სთხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს.
მისივე თქმით, 2011 წელს, კუდ-ის მაღალჩინოსნების ჩარევით, მას გირაოს სანაცვლოდ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს - ციხიდან გაათავისუფლეს და რამდენიმე ძვირად ღირებული მანქანის შეძენა აიძულეს.
აკადემიკოსის, ქართველი მოღვაწის, გურამ შარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტზე კომისიას ახსნა-განმარტება მისმა შვილმა, რუსუდან შარაძემ მისცა.
„მე ვამტკიცებ, რომ გურამ შარაძის მკვლელობის სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული, დადგმული, შესრულებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული“, - აღნიშნა რუსუდან შარაძემ.
მისი განცხადებით, გურამ შარაძე გიორგი ბარათელს არ მოუკლავს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ცრუ ბრალდებით დააკავა და მკვლელობისთვის სასჯელი მიუსაჯა.
როგორც რუსუდან შარაძემ აღნიშნა, გურამ შარაძე მელიქიშვილის გამზირზე, სამი გასროლით, ორმა პირმა მოკლა.
მან კომისიას მკვლელობასთან დაკავშირებული, მის ხელთ არსებული ფაქტები და მტკიცებულებები წარუდგინა და კომისიის წევრებს საკუთარი მოსაზრებები გააცნო: თუ როგორ გაყალბდა მკვლელობის საქმე, ვინ მონაწილეობა ამ პროცესში, ვინ შეუკვეთა მკვლელობა და ვინ შეასრულა ეს ბრძანება.
რუსუდან შარაძის მოსაზრებით, გურამ შარაძის მკვლელობის მიზეზი მისი ეროვნულობა იყო - ის 1996 წლიდან დაუპირისპირდა ჯორჯ სოროსს, მის ფონდს, „თავისუფლების ინსტიტუტს“, „რადიო თავისუფლებას“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, „კავკასიურ სახლს“. ასევე, მას უნდოდა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, იბრძოდა ეროვნების რეკვიზიტისა და პასპორტებსა და დაბადების მოწმობებში მამის სახელის აღდგენაზე, ეწინააღმდეგებოდა ეროვნული საგანძურის საქართველოდან გატანას და სხვა.
მისივე განცხადებით, „ოქროს მოწმის“ ინფორმაციით, გურამ შარაძის მკვლელობა „პირველის“ - მიხეილ სააკაშვილის დავალებით, დათა ახალაიამ აღასრულა.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ე.წ. პირველი, მეორე, მესამე და შემდგომი ნომრები - კოლექტიური „ხუთიანი“ ვეღარ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ეს, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობითა და თქვენი და თქვენნაირი ქართველების ჩართულობით, „ქართული ოცნების“ უმძიმესი ტვირთი ყოფილა და იმედია, ამ ტვირთს ღირსეულად გავუსწორებთ თვალს“, - ამ სიტყვებით მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა რუსუდან შარაძეს.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ხვალ, 23 მაისს გაიმართება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.