ზურაბ ჯაფარიძის პროცესი საქალაქო სასამართლოში - მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა

ჯაფარიძის პროცესი

ორ საათზე მეტია, თბილისის საქალაქო სასამართლო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეს განიხილავს. პროკურატურას შუამდგომლობა ჯერ არ დაუყენებია, თუმცა არის მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. ამ მოლოდინს ქმნის ის ფაქტი, რომ დღეს იწურება პოლიტიკოსისთვის შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა.

ამ დრომდე, მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობებს ისმენს. ზურაბ ჯაფარიძის უფლებადამცველებმა რამდენიმე შუამდგომლობა უკვე დააყენეს. დაცვის მხარის პირველი შუამდგომლობა შეეხებოდა დარბაზის ცვლილებას, რადგან მათი პოზიციით, მაღალია საჯარო ინტერესი და პარალელურად, ბევრმა ადამიანმა გამოთქვა იმის სურვილი, რომ სხდომათა დარბაზში ყოფილიყო. ისინი ითხოვდნენ, რომ პროცესს სხვა, უფრო ტევად დარბაზში გადაენაცვლა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მეორე შუამდგომლობა შეეხებოდა თავად მოსამართლის აცილების საკითხს, თუმცა არც ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე პარლამენტში მოქმედი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო აღიძრა. მან 20 000 ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა და დღეს დაკავებას ელოდება.