მამუკა ხაზარაძეს გერმანიის საელჩოსგან მიღებული შემოსავალი ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს - პარტიაში კითხვას ამ დრომდე არ პასუხობენ

მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის ოჯახი გერმანიის ელჩთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ამ დრომდე არ ასაჯაროებს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავალი ასახული უნდა იყოს "ლელოს" ლიდერის დეკლარაციაშიც, თუმცა 35-გვერდიან დოკუმენტში მსგავსი ინფორმაცია მითითებული არაა.

"რუსთავი2-ის" კითხვას, რატომ არაა თანამდებობის პირის საჯარო დოკუმენტში საელჩოსგან მიღებული შემოსავალი ასახული, პარტიაში არ პასუხობენ.

ცნობისთვის, საკითხის მოკვლევა შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველადი ანალიზით, გამოვლენილია შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის, სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.

საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

3 აგვისტოს, მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატების სახელით, განცხადება გავრცელდა, რომელშიც წერია, რომ იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება.

განცხადებაში განმარტებულია, რომ "გერმანიის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან სხვაგვარი, ანუ არადოკუმენტირებული თანამშრომლობა შეუძლებელია".

"სამთავრობო არხებმა გაავრცელეს დამახინჯებული ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის საიჯარო ურთიერთობის შესახებ, რაც მორიგ პროპაგანდისტულ თავდასხმას წარმოადგენს, ერთი მხრივ, მამუკა ხაზარაძის ოჯახის და, მეორე მხრივ, გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რასაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ჰქონია ადგილი. გერმანიის ელჩისთვის, ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება (N221439682 / 21.10.2022 წ.) გერმანიის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან სხვაგვარი, ანუ არადოკუმენტირებული თანამშრომლობა შეუძლებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.

საკითხს გუშინ, წერილობით, მამუკა ხაზარაძე საპატიმროდან გამოეხმაურა. "ლელოს" ლიდერი აღიარებს, რომ ქონების გაქირავებიდან მიღებულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადს წლების განმავლობაში არ იხდიდა, თუმცა ფაქტს მხოლოდ გაუგებრობას უწოდებს. იქვე, იმასაც წერს, რომ ბიუჯეტის დავალიანება უკვე გაისტუმრეს.