„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგენენ

ტიყ

 საკანონმდებლო ორგანო „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“კანონში შესატან ცვლილებებს, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება პრევენციული ხასიათისაა, რომელიც ბერკეტი იქნება კანონდარღვევის აღსაკვეთად. მათივე განმარტებით, კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ადამიანს, რომელსაც რაღაც გათვლა აქვს, რომ კორუფციული გზებით მიითვისებს რაღაც თანხას და შემდეგ რამდენიმე წელს მოიხდის, გამოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და ამ თანხას გამოიყენებს, ფიზიკურად შესაძლებლობას არ ვუტოვებთ, ვინაიდან მომდევნო 30 წლის განმავლობაში მას და მის ოჯახს მოუწევს ძალიან დეტალური დეკლარაციის შევსება. შესაბამისად, გრძელდება კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც ბატონმა პრემიერმა დააანონსა“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე მაჭავარიანი.

ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად, 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, აიპებსა და სიპებში, ასევე სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულის ჩადენისათვის.