გიორგი კახიანი: ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან

გიორგი კახიანი

გიორგი კახიანის განცხადებით, ლოგიკურია, რომ დღევანდელი მოვლენების შემდეგ დღის წესრიგში დადგეს შეხვედრა აშშ-ის ელჩსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„შეხვედრის მიზანი უნდა იყოს, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს, გამოსწორდეს და ჩვენ მოვისმინოთ, რა არის ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების პოზიცია. ამიტომ, ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული ის, რომ მაინცდამაინც პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან უნდა მოხდეს ეს შეხვედრა და არა მაგალითად პრემიერ-მინისტრთან. სრულიად გაუგებარი იქნება ასეთი პოზიციის დაჭერა საელჩოს მხრიდან. ჩვენი მხრიდან მონდომებაც არის ამის, რომ ეს ურთიერთობა გამოსწორდეს, გაუმჯობესდეს. ბუნებრივია, შეხვედრის გარეშე ვერ მოხდება. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნა კახიანმა.

აშშ-ის საელჩო საქართველოში „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ პირადი შანტაჟის ფონზე ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.