1748517062
გიორგი კახიანი ბიძინა ივანიშვილის წერილზე: სახელმწიფოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და თუ მსგავსი შეხვედრის სურვილი არსებობს, რასაც მოჰყვება სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ

ცოტა უცნაური იყო საელჩოს ბოლო განცხადება იმ ფონზე, როდესაც გუშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან ძალიან პოზიტიური განცხადება იყო გამოგზავნილი საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებით. ამ ფონზე, როდესაც ამას მოჰყვა შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან ასეთი განცხადება, ბუნებრივია ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ბიძინა ივანიშვილის წერილზე საუბრისას.
„ვინც ყურადღებით წაიკითხავს ამ წერილს, ძალიან ნათლად და გასაგებად არის ყველაფერი ახსნილი. ბატონი ბიძინა ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც იგი იმყოფება ფორმალური სანქციების ქვეშ, მისთვის მიუღებელია ელჩთან შეხვედრა. ამ განცხადებაში სწორედ ეს ჩანს, რომ ჩნდება განცდა, თითქოს მიზანი იყო, რომ სწორედ ასეთ ვითარებაში მომხდარიყო შეხვედრა.
სახელმწიფოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფოში არის საგარეო საქმეთა მინისტრი და თუ მსგავსი შეხვედრის რეალური სურვილი არსებობს, რასაც მოჰყვება სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და ის არასასურველი ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს, ამის გამოსწორება და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ბუნებრივია, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ.
პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ კონკრეტული გზამკვლევის შექმნის მომხრეები ვართ, რომლის მიხედვითაც გავაუმჯობესებთ ამ ურთიერთობებს, დავუბრუნდებით თუნდაც იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც იყო რამდენიმე წლის წინ, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა.
ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გზავნილები და ნაბიჯები, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები შეიცვალოს და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ძველ მდგომარეობას და უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.