1692302192
გენერალური პროკურორობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე პროკურატურის საგამოძიების ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულზე რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე ისაუბრა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულზე რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.
„სპეციალური სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაულების, ფულის გათეთრების, სამოხელეო და კორუფციული დანაშაულების გამოვლენისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს შორის გამოვყოფდი: სტუქტურულ ოპტიმიზაციას, გამომძიებელთა თემატურ გადამზადებას, დანაშაულებრივი ქონების მოძიების და ამოღების მექანიზმების გააქტიურებას და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას“ - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა.
გიორგი გვარაკიძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების პროკურატურისთვის გადაცემის მიმდინარე რეფორმასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ფორმატით დანაშაულზე რეაგირება ბევრად უფრო სწრაფს და მოქნილს გახდის გამოძიებას, ხოლო პროკურატურას მისცემს შესაძლებლობას მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსით დაიკმაყოფილოს კადრების ოპტიმიზაციის საჭიროება.
როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა განაცხადა, შიდასტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, პროკურატურის ქვემდებარე დანაშაულის გამოვლენისა და ინფორმაციის სწრაფი გაცვლის პრაქტიკის დანერგვისთვის არსებითად მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მაკონტროლებელ და სარევიზიო დანაყოფებთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საექსპერტო დაწესებულებებთან.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.