ეს კიდევ ერთი შეხსენებაა ყველასთვის, ვინც კანონის წინააღმდეგ მიდის, რომ მართლმსაჯულება ყველას მიმართ დადგება – შალვა პაპუაშვილი ბაჩიაშვილის დაკავებაზე

შალვა პაპუაშვილი

კიდევ ერთხელ ეს არის შეხსენება ყველასთვის, ვინც კანონის წინააღმდეგ მიდის, რომ მართლმსაჯულება ყველას მიმართ დადგება, - განუცხადა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ბაჩიაშვილის დაკავება აჩვენებს იმას, რომ საქართველო, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო შედგა.

"11 წელი ჰქონდა ამ ადამიანს მისჯილი და ემალებოდა ქართულ მართლმსაჯულებას. ამ ღონისძიებით [დაკავებით] აღსრულდა მართლმსაჯულება და საქართველომ აჩვენა, რომ არის არა მხოლოდ სამართლებრივი სახელმწიფო, არამედ უმაღლესი სტანდარტებით მოქმედი სამართალდამცავი ორგანოებით. ის, რომ თმის ერთი ღერი არ ჩამოვარდნია ამ ადამიანს, ისე მოხდა მისი დაკავება, აჩვენებს, თუ როგორი პროფესიონალიზმით და რამდენად სტანდარტების შესაბამისად მუშაობს ჩვენი უსაფრთხოების სამსახური. კიდევ ერთხელ ეს არის შეხსენება ყველასთვის, ვინც კანონის წინააღმდეგ მიდის, რომ მართლმსაჯულება ყველას მიმართ დადგება", - აღნიშნა პაპუაშვილმა.