„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის და მართლმსაჯულების პროცესის მშვიდ ვითარებაში განხორციელების უზრუნველყოფაში

ერთიანი ნეიტრალური საქართველო

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის, ასევე მართლმსაჯულების პროცესის მშვიდ ვითარებაში განხორციელების უზრუნველყოფაში, - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მივესალმებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ინიციირებას. მიგვაჩნია, რომ კანონის გამკაცრება და შემდგომში ეფექტიანი აღსრულება უზრუნველყოფს მართლმსაჯულების პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვას.

აშკარაა, რომ ქუჩაში ძალადობის რესურსის ამოწურვის შემდეგ, დესტრუქციულმა ოპოზიციამ სასამართლოს დარბაზებში გადაწყვიტა სატელევიზიო შოუების დადგმა. სისტემატური სახე მიიღო მოსამართლეების შეურაცხყოფამ, პროცესების ჩაშლის მცდელობებმა, მანდატურებზე, პროკურორებზე, ასევე მოწმეებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებმა, ეს ყოველივე ხორციელდებოდა პარტიული ტელევიზიების კამერის ობიექტივისთვის, იმისათვის, რომ საზოგადოებაში ხელოვნურად შექმნილიყო სასამართლოში ქაოსის და უმართავი პროცესების შთაბეჭდილება.

წლებია, რაც სასამართლო სისტემა ქვეყნის გარედან მასშტაბური შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული სახელმწიფოს მტრებმა ვერ მოახერხეს სასამართლოს ხელში ჩაგდება, მათ წამოიწყეს ინსტიტუციის დისკრედიტაციის და მასზე ზეწოლის მრავალი მეთოდის ამოქმედება.

აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაციამ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად დაუწესა სანქციები მოსამართლეებს; გამოყენებულ იქნა სხვა სადამსჯელო ღონისძიებები; მუდმივად ხდება მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების ბულინგი; საზოგადოებას ახსოვს, როგორ ცდილობდნენ უცხოური ძალები ე.წ. ვეტინგის თავსმოხვევას, რაც სისტემის პარალიზებით, საბოლოოდ კი, მათ ხელში გადასვლით უნდა დასრულებულიყო.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთში სწორედ სასამართლოს მეშვეობით მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების “დიფ სთეითისთვის” არასასურველი შედეგის გაუქმება. ეს და სხვა ფაქტები ცხადყოფს იმას, თუ რატომ არის სხვადასხვა ქვეყანაში სასამართლო სისტემის კონტროლი, “დიფ სთეითის” სახელმძღვანელოში უპირველესი ამოცანა.

სასამართლო სისტემის და მისი დამოუკიდებლობის დაცვა, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ღირსების საკითხია, სწორედ ამიტომ მოქმედებს აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში, სასამართლოში ქცევის ძალიან მკაცრი წესები.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის, ასევე მართლმსაჯულების პროცესის მშვიდ ვითარებაში განხორციელების უზრუნველყოფაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.